"პოლიტიკური დევნა და ცირკი" - "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ხაზარაძე-ჯაფარიძის საგამოძიებო კომისიაში დაბარებაზე
"ოცნების" საგამოძებო კომისიაში ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის დაბარებას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები პოლიტიკურ დევნად აფასებენ. ანა ნაცვლიშვილის თქმით, "ოცნებამ" ქართველი ხალხისთვის მიცემული ვერცერთი პირობა ვერ შეასრულა და ახლა ისღა დარჩენია, დევნოს ის ოპონენტები, რომლებსაც აქვთ რესურსი, ქვეყანა თანამედროვე, ევროპულ, წარმატებულ სახელმწიფოდ აქციონ.
არალეგიტიმური „ოცნების“ მხრიდან ეს არის მორიგი პოლიტიკური დევნა იმ ადამიანების, რომლებსაც „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით ამ ქვეყანაში შეუძლია და გაკეთებული აქვს უამრავი საქმე, იქნება ეს საერთაშორისო ინვესტიციების შემოტანა, ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელების უნარი. „ქართულმა ოცნებამ“ არ და ვერ შეასრულა ვერცერთი დაკვეთა, რომელიც ქართველ ხალხს ჰქონდა - ვერც ანაკლიის აშენება, ვერც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ვერც სამუშაო ადგილების შექმნა, ვერც სამართლიანი სასამართლოს შექმნა, რაც იყო მათი დაპირება და ახლა ის აწარმოებს ერთადერთ რამეს, რაც დარჩენია - ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა, იმ ადამიანების დევნა, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ეს ქვეყანა გადააქციონ თანამედროვე, ევროპულ, წარმატებულ სახელმწიფოდ, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ირაკლი კუპრაძე კოალიციის ლიდერების პარლამენტში დაბარებას "ცირკად" აფასებს. მისი თქმით, როგორც არ უნდა დაიმუქროს ივანიშვილის ხელისუფლებამ, არალეგიტიმურ პარლამენტთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა სრულად გამორიცხულია.
ეს არის ცირკი, რომელიც მოაწყო „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პროპაგანდული მიზნების გათვალისწინებით. რითაც არ უნდა დაიმუქროს „ქართულმა ოცნებამ“, არალეგიტიმურ პარლამენტთან სრული რაიმე ტიპის თანამშრომლობა არის გამორიცხული. მიუხედავად იმისა, რომ იმუქრებიან პატიმრობით, იმუქრებიან ძალადობით, პოლიტიკური დევნით, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს არ ეშინიათ არანაირი ტიპის წინააღმდეგობის, იმიტომ, რომ მეორე მხარეს დევს საქართველოს ეროვნული ინტერესები, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
"ქართული ოცნების" პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე დაბარებულები არიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ოპოზიციონერი ლიდერები ე.წ. მაგნატის საქმეზე დაიბარეს. რეჟიმი ირწმუნება, რომ თიბისი ბანკი ბიზნესის ტერორში იყო ჩართული და თუ ოპოზიონერები არალეგიტიმურ პარლამენტში არ მივლენ, მათ წიანააღმდეგ სისიხლის სმართლებრივი დევნა დაიწყება.
მუქარის მიუხედავად, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პარლამენტში მისვლას არ აპირებენ.