გერმანული სანქციები რეჟიმს - "ოცნება" ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოს დემოკრატიას უწუნებს
გერმანული სანქციები რეჟიმს - ირაკლი კობახიძე და საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმილის რეჟიმში არიან. "ქართულ ოცნებაში" კი ისევ "დიფსთეითის" და "გლობალური ომის" ჩარევებზე საუბრობენ, ამტკიცებენ, რომ სწორედ "დიფსთეითის" ახდენს ზეწოლას ევროპაზე, რომ საქართველოს შიდა საქმეეში ჩაერიოს.
ეს არის ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტი, როდესაც ყველანაირი საფუძვლის გარეშე, რაღაც საკითხებზე მსჯელობენ, აფათურებენ ხელებს შიდა საქმეებში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მომდინარეობს ისევ და ისევ, იმ ძალებისგან, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია "დიფსთეითს" უწოდებს, ხოლო ჩვენ - გლობალური ომის პარტიას და როდესაც ჩვენი გუნდის ლიდერები საუბრობდნენ, რომ განსაკუთრებით გაძლიერდებოდა მომავალში ევროპიდან ზეწოლა "დიფსთეითისა" საქართველოში შიდა საქმეებში ჩარევის განვითარების კუთხით, ამის მაგალითებს ჩვენ ვხედავთ ფეხის ყოველ ნაბიჯზე", - განაცხადა არჩილ გორდულაძე.
"ოცნების" დანაყოფის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელი, სოზარ სუბარი კი გერმანიას დემოკრატიას უწუნებს და ირწმუნება, რომ ევროკავშირის წამყვან სახელწმიფოში ადამიანის უფლებებისადმი დამოკიდებულება "მძიმე დღეშია".
ანალენა ბერბოკი სანქციებს უწესებს საქართველოს თანამდებობის პირებს და ამ დროს პირველივე დღეს თავქუდმოგლეჯილი გარბის სირიაში და ხვდება და ერთგულებას ეფიცება ადამიანს, რომელიც მანამდე თვით ადრე პირადად ხვრეტდა ადამიანებს, მათ შორის ქალებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მისთვის მისაღებ ქცევის წესებს არ იცავდნენ. ეს არის ორმაგი სტანდარტები და ეს მეტყველებს თუ რა მძიმე დღეშია ზოგიერთ ქვეყანაში დემოკრატია და ადამიანის უფლებებისადმი დამოკიდებულება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, გერმანიამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.
დიპლომატიური უწყების ცნობით, გერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე, თუმცა კონკრეტული გვარები და სახელები ჯერ არ გამოუქვეყნებია. დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.