"ჩვენ დიდი საჩუქარი გაგიკეთეთ, როდესაც მოგეცით სტატუსი, თქვენმა მთავრობამ კი გზიდან გადაუხვია"- გერმანიის ელჩი
გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ამბობს, რომ ევროინტეგრაციის შეჩერებაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება. დიპლომატი პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველოს სტატუსის მინიჭების სახით საჩუქარი გაუკეთია, თუმცა ივანიშვილის ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია.
საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი 2023 წლიდან. ევროკავშირმა მისცა თქვენს ქვეყანას ეს სტატუსი. ეს არის ყველაზე დიდი შეთავაზება და საჩუქარი, რომლის გაკეთებაც ევროკავშირს შეუძლია, შეთავაზება, რომ შემოუერთდეთ ჩვენს გაერთიანებას. გასული წლის ივნისიდან პროცესი გაჩერდა, საქართველომ გადაუხვია გზას. ასე რომ, გაქვთ სტატუსი, მაგრამ ამ პროცესში წინ არაფერი მიდის. ამაზე პასუხისმგებელი რა თქმა მთავრობაა, სხვანაირად არ შეიძლება, - ამბობს ელჩი.
ცნობისთვის, გერმანიამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.
დიპლომატიური უწყების ცნობით, გერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე, თუმცა კონკრეტული გვარები და სახელები ჯერ არ გამოუქვეყნებია. დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.