ოპოზიციის და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულებულია - რაზე ისაუბრეს დაუხურულ კარს მიღმა
პოლიტპატიმრები, რეპრესიები და ახალი არჩევნები - ეს იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც პროდასავლურმა ოპოზიციამ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმსჯელა.
ზურაბიშვილის ოფისიდან გამოსულები ამბობენ, რომ ყალბი მოლოდინების შექმნა არ სურთ, თუმცა თანხმდებიან, რომ ბრძოლის გაგრძელება და კოორდინაციის გაძლიერება პრიორიტეტული საკითხებია.
პრეზიდენტი ხვალ აპირებს, მიმართოს საზოგადოებას, რომელიც შეიკრიბება ამ დღის აღსანიშნავად. იქნება მის მიერ გაჟღერებული მისი დამოკიდებულება აქტუალური პროცესებისადმი და ამაზე ვისაუბრეთ, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
პოლიტპატიმრების თემაზე ესაუბრა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა სალომე ზურაბიშვილს. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც რეჟიმი რეპრესიებს და პოლიტიკური პარტიების აკრძალვას აანონსებს, არარეალისტურ საკითხებზე დრო არ უნდა დაიკარგოს.
როდესაც რეჟიმი რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს და პირდაპირ აანონსებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ჩემი აზრით, ყველაზე ძვირფასია დრო და ნამდვილად არ არის დასაკარგი დრო უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე და ამიტომ, ჩვენ ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა ყალბი მოლოდინებით, არამედ ჩენ ჩვენი პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით, - ამბობს ბოკუჩავა.
"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ამბობს, რომ სხვა აქტუალური საკითხების გარდა, პრეზიდენტმა ოპოზიციას ის სათქმელი გაუზირია, რის გაჟღერებასაც ხვალინდელ აქციაზე გეგმავს.
ყველაზე მთავარი და მტკივნეული საკითხი, პოლიტპატიმრები, რეპრესიები, ახალი არჩევნების საკითხი, რაც მართლა არის მანტრა დღეს ყველასთვის, იმ ხალხისთვის, ვინც იბრძვის, რომ საქართველოს მომავალი უნდა იყოს დასავლეთთან და ის, რაც 31 მარტის მნიშვნელობაა. ამაზე ვისაუბრეთ, როგორ იყოს უფრო მეტი თანხვედრა ჩვენი პოლიტიკური პარტიების, ის პლატფორმა, რომელიც არსებობს დღეს კოორდინაციას, ამის გაუმჯობესება და პრეზიდენტმა გაგვიზიარა, რის თქმას აპირებს ხვალ, - ამბობს გიგი წერეთელი.
მასშტაბური საპროტესტო აქციის დაწყებამდე 24 საათი რჩება. ხვალ, 31 მარტს საღამოს 20:00 საათზე ყველა ასაკის და პროფესიის ადამიანი "ოცნების" რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაერთიანებდა. რუსთაველის გამზირზე, შეკრებილებს, ვინც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების მოთხოვნით უკვე თვეებია ქუჩაში დგას, სიტყვით მიმართავს ქვეყნის ბოლო არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ხვალინდელი აქციის ერთ-ერთი მთავარი მოწოდება სინდისის პატიმრების გათავისუფლება იქნება. სინდისის პატიმრების დედები სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას სთხოვენ. თუ პოლიტიკოსები არ იტყვიან, როგორ წარმოუდგენიათ ტყვეების ციხეებიდან გამოშვება, დედები მოქმედებაზე გადავლენ. არ არის გამორიცხული, ეს ბრძოლა მშობლების ნაწილმა ხვალაც დაიწყოს.