რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა - დათუნაშვილი ოპოზიციის აკრძალვაზე

01.04.25 12:55
რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა - დათუნაშვილი ოპოზიციის აკრძალვაზე

"ოცნებას" დიქტატურის დამყარება სურს, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი "ოცნების" მიერ ოპოზიციის აკრძალვის კანონპროექტს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, რეალურად, ივანიშვილის ხელისუფლება მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს.  

პარტიების აკრძალვა ხდება დიქტატორულ რეჟიმებში. ეს არის ლეგალისტური გზა, რომ მათ დაამყარონ დიქტატურა. პირთა სია, ვისაც უნდა აეკრძალოს საქმიანობა, უნდა დაადგინოს, მაგალითად, ნაცმა თენგიზ შარმანაშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ელჩი იყო ერევანში და ე.ი. ბატონი შარმანაშვილიც წყვეტს პოლიტიკურ საქმიანობას? გივი მიქანაძეც  წყვეტს პოლიტიკურ საქმიანობას? ბექა ოდიშარიაც და სხვებიც? თუ ეს ასეა, მაშინ რაღაც პრობლემა აქვთ ამ გათვლებში და სინამდვილეში, ეს ყველაფერი არის მცდელობა, რომ ყურადღება გადაიტანონ ადამიანების რეალური პრობლემებიდან, უმძიმესი სოციალური ფონიდან, ემიგრაციიდან, რომლის ქვეყნიდან გადინება არ წყდება, იმ უდიდესი ეკონომიკური კრიზისიდან და პოლიტიკური კატასტროფიდან, რაშიც ქვეყანას ამყოფებს „ქართული ოცნება“, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.

"ქართული ოცნების" პარლამენტში პარტიების აკრძალვის კანონპროექტი შევიდა - ინფორმაციას „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი თორნიკე ართქმელაძე ავრცელებს. მისი თქმით, კანონპროექტი „სრული სიგიჟეა“.

ართქმელაძის განცხადებით, ფორმულირება იმდენად ბუნდოვანია, რომ ნებისმიერ პარტიას აკრძალავენ.