ადვოკატი: კინწურაშვილი პოლიციის განყოფილებაში სრულად გააშიშვლეს, საზიზღრობას უწოდებდნენ მის სხეულზე არსებულ პირსინგებს

01.04.25 13:47
ადვოკატი: კინწურაშვილი პოლიციის განყოფილებაში სრულად გააშიშვლეს, საზიზღრობას უწოდებდნენ მის სხეულზე არსებულ პირსინგებს

ადვოკატ მარიამ პატარიძის ცნობით, გუშინ დაკავებული აქტივისტი, ლუკა კინწურაშვილი პოლიციის განყოფილებაში სრულად გააშიშვლეს. პატარიძის თქმით, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, როცა მისი თქმით, დაკავებულს პოლიციის თანამშრომლები სხეულზე არსებული პირსინგების გამო აკრიტიკებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ "ეს საზიზღრობა" იყო. 

მეტიც, როგორც სამოქალაქო აქტივისტმა უფლებადამცველს უთხრა, მას სთავაზობდნენ ადვოკატის მომსახურებაზე უარის თქმას, ასეთ შემთხვევაში კი უახლოეს დღესვს გაათავისუფლებდნენ. 

კინწურაშვილი ამბობს, რომ მისი სრულად გაშიშვლება მოხდა რუსთავის პოლიციის იზოლატორშიც. 

ლუკას მარცხენა მხარი სისხლნაჟღენთების სახით აქვს დაზიანებული. ასევე დაზიანებული აქვს მუხლი. მას მოსთხოვეს "ტელეგრამზე" წვდომა, ისნი აგრძელებდნენ ამ მოთხოვნას და მაშინ მე ვუთხარი, ვიდრე მე მივიდოდი ჩაერთო ლაივი. სწორედ ეს გახდა ტელეფონის წართმევის საფუძველი. გადაიყვანეს სავარაუდოდ ვაკე-საბურთალოს მეორე განყოფილებაში, რადგან ამ განყოფილების თანამშრომლები არიან ის პირები, რომლებმაც მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება მოახდინეს, სადაც ლუკა კინწურაშვილის იძულებით, სრულად გაშიშვლება მოხდა.  სრულად გაშიშვლების შემდეგ, ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ყურადღება მკერდზე არსებულ პირსინგებზე გაუმახვილა და უთხრა, რომ "ეს საზიზღრობა იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირსინგები მკერდზე კაცს აქვს გაკეთებული".

ისინი  ლუკას ეუბნებოდნენ, რომ თუ ადვოკატზე უარს იტყოდა, მაშინ, დღეს დაკავებიდან გაათავისუფლებდნენ. შევედი თუ არა წინასწარი დაკავების იზოლატორში, თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ლუკა კინწურაშვილს უკვე გახანგრძლივებული აქვს დაკავების ვადა მომდევნო 24 საათით"- აცხადებს ადვოკატი. 

მარიამ პატარიძის თქმით, კინწურაშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. ადვოკატის მონაყოლის თანახმად, აქტივისტი პოლიციამ „ზედაპირული დათვალიერების“ მოტივით ქუჩაში გააჩერა, რის შემდეგაც, ის გაჩხრიკეს, მოსთხოვეს ტელეგრამზე წვდომა, წაართვეს ტელეფონი და საბოლოოდ, დააკავეს კიდეც. 

არის კიდევ ერთი დეტალი, კინწურაშვილის დაკავებისთანავე ადვოკატი საქმეში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების ჩართვას ითხოვდა, თუმცა ლევან იოსელიანის სამსახურიდან უფლებადამცველს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. 

განახლება: 17:00 საათი

"ტვ პირველი" ვაკე-საბურთალოს სამმართველოში იმყოფებოდა, სადაც აქტივისტით თქმით, გააშიშვლეს და ფსიქოლოგიური ტერორი გამოატარეს. 

პოლიციის მაღალჩინოსნები კამერებთან არ ჩნდებიან, მორიგე პოლიციელი კი ამტკიცებს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის და გაუგია.