ბრიტანეთმა მურუსიძე და ჩინჩალაძე დაასანქცირა
ბრიტანეთმა კლანის წევრებად აღიარებული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დიდმა ბრიტანეთმა ორივე მათგანს ფინანსური სანქციები დაუწესა.
- ჩინჩალაძე-მურუსიძე გლობალური ანტიკორუფციული სანქციების ფარგლებში მოექცნენ. შესაბამისად, სანქცირებულ მოსამართლეებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე, მათ კუთვნილებაში არსებული ყველა სახის ქონება, მათ შორის, ფინანსური ანგარიშები გაეყინებათ.
დოკუმენტში ჩინჩალაძისა და მურუსიძის მიერ რეჟიმის სასურველ გადაწყვეტილებებზეა საუბარი.
სააპელაციო ასამართლოს უვადო მოსამართლეს, მიხელ ჩინჩალაძის დასანქცირების მიზეზი სავარაუდო კორუფცია, "ქართული ოცნების“ სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების მიღება და მოსამართლეთა საეჭვო დაშვენებია.
"თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის რანგში მან [მიხეილ ჩინჩალაძემ] მიიღო ფინანსური სარგებელი, როგორც ჯილდო საკუთარი საჯარო ფუნქციების არასათანადოდ შესრულებისთვის. კერძოდ, მან არამართლზომიერად გამოიყენა თავისი გავლენა, რათა სასამართლოს გადაწყვეტილებები და მოსამართლეების დანიშვნები მმართველი პარტია ქართული ოცნების სასარგებლოდ წარმართულიყო.
მან მიიღო უპირატესობა თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადო დანიშვნის სახით, რაც მიზნად ისახავდა მისი საჯარო ფუნქციების გაგრძელებას ისე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები კვლავ ქართული ოცნების სასარგებლოდ მიღებულიყო". - ნათქვამია დოკუმენტში.
კორუფციულ სქემებში სავარაუდო ჩართვის ეჭვი აქვს ბრიტანეთის მთავრობას ლევან მურუსიძის შემთხვევაშიც - იუსტიციის საბჭოს წევრის დასანქცირების მოტივიც სავარაუდო კორუფციაა, სასამართლო სისტემის პოლიტიზებული მართვა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებაა.
მან არამართლზომიერად გამოიყენა თავისი გავლენა, რათა სასამართლოს გადაწყვეტილებები და მოსამართლეების დანიშვნები მმართველი პარტია ქართული ოცნების სასარგებლოდ წარმართულიყო.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რანგში მან მიიღო უპირატესობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადო დანიშვნის სახით, რაც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის მართვას ისე, რომ მოსამართლეების დანიშვნა და სასამართლოს გადაწყვეტილებები მმართველი პარტია ქართული ოცნების ინტერესებს მომსახურებოდა". - წერია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერაც არიან სანქცირებულები.
2023 წლის აპრილში ვაშინგტონი წერდა, რომ სანქციების მიზეზი "მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობა იყო“.