"სხვებიც დასანქცირდებიან, სია ძალიან ფართოა" - ყოფილი მოსამართლე, დავით ჯუღელი
საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე დავით ჯუღელი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ბრიტანული სანქციებს მურუსიძე-ჩინჩალაძის გარდა, სხვა მოსამართლეებიც დაექვემდებარებიან.
ჯუღელი სიატემაში მყოფ მოსამართლეებს მიმართავს და გადაწყვეტილებების გამოტანამდე კარგად დაფიქრებას ურჩევს.
ჩემი ინფორმაციით, ეს (სანქციები) არ იქნება და არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ორი პირით. დასასანქცირებელი პირების სია ძალიან ფართოა და არა მხოლოდ ბრიტანეთი, სანქციები მოსალოდნელი და რეალურია ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც, ამერიკიდანაც.
სანქციებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლენა, ყველა მათგანი უნდა დაფიქრდეს თითოეული გადაწყვეტილების გამოტანის დროს. სასამართლომ თავის მხრებზე აიკიდა დღეს ქვეყნის მომავლის ბედი. ისინი განსაზღვრავენ თავიანთი გადაწყვეტილებებით რა ბედი ელის ამ ქვეყანას - აცხადებს დავით ჯუღელი.
ბრიტანეთმა კლანის წევრებად აღიარებული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა.
ჩინჩალაძე-მურუსიძე გლობალური ანტიკორუფციული სანქციების ფარგლებში მოექცნენ. შესაბამისად, სანქცირებულ მოსამართლეებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე, მათ კუთვნილებაში არსებული ყველა სახის ქონება, მათ შორის, ფინანსური ანგარიშები გაეყინებათ.