ყოფილი მოსამართლე: გადაწყვეტილებებს კლანის მარწუხებში მოქცეული მოსამართლეები იღებენ - სანქციები დასასრულის დასაწყისია

02.04.25 18:24
ყოფილი მოსამართლე: გადაწყვეტილებებს კლანის მარწუხებში მოქცეული მოსამართლეები იღებენ - სანქციები დასასრულის დასაწყისია

დღეს სასამართლო სისტემა "ქართული ოცნების" ინტერესების შესაბამისად მუშაობს, მოსამართლეები კი დამოკიდებული არიან მურუსიძე-ჩინჩალაძის მითითებებზე - ასე ეხმაურება უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თამარ ლალიაშვილი  დიდი ბრიტანეთის მიერ ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის დასანქცირებას. თამარ ლალიაშვილი, რომელსაც სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს,  სასამართლო სისტემა "კორუმპირებულია" და მართლმსაჯულება ფაქტობრვად არ არსებობს.

"მოსამართლეები მარწუხებში არიან მოქცეულები"- აცხადებს ყოფილი მოსამართლე. 

დღეს ვერცერთი ადამიანი სასამართლოში სამართალს ვერ იპოვის. ყოველდღე ვუყურებთ  პროცესებს, სადაც კლანის მარწუხებში მოქცეული მოსამართლეები იღებენ მხოლოდ და მხოლოდ მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ მითითებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც "ოცნების" ინტერესშია.

ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, ძალიან ცუდია ასევე მათთვისაც, თითოეული იმ მოსამართლისათვის, ვინც ამ გზაზე დგას, ვინც ასეთ დავალებებს ასრულებს. მათ ყველაზე კარგად იციან, რას აკეთებენ. ასეთმა მოსამართლეებმა ასევე უნდა იცოდნენ, რომ ამ ყველაფერს დასასრული ექნება და ამ დასასრულის დასაწყისს ჩვენ უკვე ვხედავთ.

ნათელია, რომ დღეს სასამართლო კორუმპირებულია და დღეს კიდევ ერთხელ გვითხრა ბრიტანეთმა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს, რომ ქვეყნის მართლმსაჯულება  კორუმპირებულ პირთა ხელთაა მოქცეული - ამბობს თამარ ლალიაშვილი  

ბრიტანეთმა კლანის წევრებად აღიარებული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე დაასანქცირა. 

ჩინჩალაძე-მურუსიძე გლობალური ანტიკორუფციული სანქციების ფარგლებში მოექცნენ. შესაბამისად, სანქცირებულ მოსამართლეებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე, მათ კუთვნილებაში არსებული ყველა სახის ქონება, მათ შორის, ფინანსური ანგარიშები გაეყინებათ.