ბესელია: "ქაოსი აქვთ.... ინსტიტუციური ნგრევაა - უსაფრთხოების სამსახური უსაფრთხოების სამსახური არ არის"

04.04.25 17:11
ბესელია: "ქაოსი აქვთ.... ინსტიტუციური ნგრევაა - უსაფრთხოების სამსახური უსაფრთხოების სამსახური არ არის"

სუს-ის ყოფილი შეფს კობახიძის მთავრობაში არც სკამი შეხვდა - ეკა ბესელია რეჟიმის შიგნით არსებულ ქაოსზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანაში ინსტიტუციური ნგრევაა. 

პარლამენტი პარლამენტი არ არის, უსაფრთხოების სამსახური უსაფრთხოების სამსახური არ არის - აცხადებს ბესელია. 

ჩანს მძიმე პოლიტიკური კრიზისი, ქაოსური მოქმედებები, აუხსნელი გადაწყვეტილებები, წინააღმდეგობრივი და ალოგიკური ქმედებები. ინსტიტუციური ნგრევა, პარლამენტი პარლამენტი არ არის, უსაფრთხოების სამსახური უსაფრთხოების სამსახური არ არის. გაუგებარი ლოგიკაა, როდესაც კანდიდატებს არჩევენ და თან ცდილობენ, რომ ისე გააკეთონ, რაც შეიძლება სწრაფად, რაც კიდევ უფრო მეტად ქმნის იმის განცდას, რომ ქაოსი აქვთ, იმიტომ რომ გუშინ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გადადგა და ეს პარლამენტი ირჩევს ახალ კანდიდატს და კითხვებს არ სვამს პარლამენტის არცერთი დეპუტატი და კომიტეტი, რომელიც არის პროფილური კომიტეტი, რატომ ხდება ეს უსაფრთხოების სამსახურში - ან ის, რატომ წავიდა, ვინც წავიდა ან ეს რატომ მოვიდა ვინც დასვეს. ეს სურათი არის უკიდურესი კრიზის მაჩვენებელი და სანქციების ეფექტი", - ამბობს ეკა ბესელია.

სუს-ის ყოფილი შეფი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობასაც აღარ დაიკავებს. კობახიძე ამბობს, რომ ლილუაშვილს სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდა.

კითხვაზე, კონკრეტულად რა განსხვავებული პოზიციები არსებობდა ლილუაშვილსა და კობახიძეს შორის, ივანიშვილის პრემიერი ამბობს, რომ "იყო განსხვავებული შეხედულებები მოადგილეებთან დაკავშირებით".