"ცესკოს ცვლილებებით არჩევნებზე დაკვირვება შეუძლებელი ხდება"- სიორიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა "ოცნება" არჩევნებისთვის ემზადებოდეს
საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო ცვლილებები, რომლითაც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება არჩევნებზე დაკვირვება - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა
სიორიძე ვარაუდობს, რომ შეიძლება "ოცნება" ახალი არჩევნებისთვის ემზადებოდეს და სწორედ ამას უკავშირდებოდეს აღნიშნული ცვლილება ცესკოს ახალ დადგენილებაში.
"ბრძოლა იქნება მიმართული იქითკენ, რომ არ მივცეთ, არალეგიტიმურ პარლამენტს და მარტო დარჩენილ ცესკოს მიიღოს ცვლილებები და ახალი არჩევნები შემოგვთავაზოს იმ წესით, რომლითაც ის ფიქრობს, რომ გავა ფონს"- ამბობს ოპოზიციონერი.
საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო ცვლილებები, რომლითაც პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება არჩევნებზე დაკვირვება. ცესკო, რომელიც გამორჩეული იყო არა ქართველი ამომრჩევლის, არამედ "ქართული ოცნების" ინტერესების მსახურებაში. მას შემდეგ, რაც გავშიფრეთ თუ რა მოხდა 26 ოქტომბერს ის ძირითადი სქემები და მანიპულაციები, რომლითაც შესაძლებელი გახდა იმ შედეგის მიღწევა, რომელიც დაწერეს "ქართული ოცნებისათვის", გადაწყვიტა, რომ ამ მანიპულაციებზე რეაგირებისთვის მიიღოს ახალი ცვლილებები, კერძოდ შეზღუდოს ამომრჩეველზე დაკვირვება კენჭისყრის პროცესზე დაკვირვება, რაც არღვევს როგორც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ასევე არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო სტანდარტებს.
შეუძლებელი ხდება არჩევნების მონიტორინგი და ხდება ნორმალიზება იმ კარუსელის, რომლითაც როგორც 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ასევე მათ მიერ ორგანიზებულ არჩევნებზე ხდებოდა ამომრჩევლის ნებაზე ძალადობა. ახალი ცვლილებით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იმყოფებოდეს სარჩევნო უბანზე და დამკვირვებელს აღარ ექნება შესაძლებლობა მას მოსთხოვოს ვინაობის დადასტურება. ეს არის მორიგი მცდელობა და ის ტემპი, რომლითაც გადაწყვიტეს, რომ დაჩქარებული წესით მიეღოთ ეს ცვლილება, რადგან "ქართული ოცნება" შეიძლება ემზადებოდეს ახალი არჩევნებისთვის და მთელი ეს ჩვენი ბრძოლა იქნება მიმართული იქითკენ, რომ არ მივცეთ, როგორც არალეგიტიმურ პარლამენტს, ასევე მარტო დარჩენილ ცესკოს მიიღოს მავნებლური ცვლილებები და ახალი არჩევნები შემოგვთავაზოს იმ წესით, რომლითაც ის ფიქრობს, რომ გავა ფონს", - ამბობს გიორგი სიორიძე.
შეგახსენებთ, ცესკომ ახალი დადგენილება მიიღო - ცვლილებების მიხედვით, იზღუდება კენჭისყრის სრულყოფილად დაკვირვების შესაძლებლობა, რადგან დადგენილებაში წერია, რომ დამკვირვებლებს ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნისა და გადამოწმების უფლება აღარ ექნებათ. მათ აღარ შეეძლებათ გამოავლინონ ე.წ. კარუსელში მონაწილე პირები, რომლებიც სხვის ნაცვლად ხმის მიცემას შეეცდებიან.