სუს-ის ყოფილი შეფი თანამშრომლებს დაემშვიდობა - გრიგოლ ლილუაშვილის მიმართვა

05.04.25 11:45
სუს-ის ყოფილი შეფი თანამშრომლებს დაემშვიდობა - გრიგოლ ლილუაშვილის მიმართვა

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, დღეს სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი წარადგინა. ცერემონიას ესწრებოდა გრიგოლ ლილუაშვილიც. სუს-ის ყოფილი შეფი თანამშრომლებს დაემშვიდობა.

ლილუაშვილმა ასევე შეაჯამა მისი სუს-ში საქმიანობის პერიოდი და ახალ უფროსს წარმატებები უსურვა.  

სუს-ის ყოფილი შეფის სიტყვას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ამ წლების განმავლობაში, ამ დიდი გამოწვევების ფონზე, შევძელით ერთად გავმკლავებოდით ყველაფერს. რა თქმა უნდა, იყო კრიტიკული სიტუაციებიც, იყო წყნარი, მშვიდი პერიოდიც, თუმცა საერთო ჯამში, ეს მაინც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უახლესი ისტორიის  ერთ-ერთ ყველაზე რთული პერიოდად, როდესაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება. ეს, რა თქმა უნდა, მოხდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით და აღებული კურსის შესაბამისად, სადაც ჩვენც თითო აგური შევიტანეთ უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში. ეს თქვენი დამსახურებაა და ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ. მადლობა, რომ თანაზიარი ვიყავი თქვენთან ერთად ამ პროცესის - მიმეღო მონაწილეობა და მეხელმძღვანელა ამ ძალიან ღირსეული და პატრიოტული უწყებისთვის. დიდი მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრს, ძალიან მიხარია, რომ ჩემი, როგორც სამსახურის უფროსის შემცვლელად, წარადგინა ბატონი ანრი ოხანაშვილი. ბატონი ანრი იყო ნდობის ჯგუფის წარმომადგენელი, ის მონაწილეობას იღებდა ჩვენთან დაკავშირებული თემების როგორც განხილვაში, ისე ამ თანამშრომლობის ფონზე ახორციელებდა საპარლამენტო ზედამხედველობას ჩვენს უწყებაზე. ეს ადამიანი გარდა თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებებისა, ძალიან შორს ნამდვილად არ არის ჩვენი საქმიანობის სპეციფიკასთან. კარგად იცნობს ჩვენი მუშაობის ასპექტებს, ძირითად მიმართულებებს, პრიორიტეტებს და მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ ანრის და მის მოადგილეებს,“- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ის მინისტრმა, გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა დატოვა. მას რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა უნდა დაეკავებინა, თუმცა 4 აპრილს, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობასაც აღარ დაიკავებს. კობახიძემ თქვა, რომ ლილუაშვილს სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა ჰქონდა.