სანქცირებული სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ, დახურულ სხდომაზე დაამტკიცეს

07.04.25 15:33
სანქცირებული სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ, დახურულ სხდომაზე დაამტკიცეს

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ, სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დაამტკიცა.  პოლიციის ექს მაღალჩინოსანს მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სულხან თამაზაშვილის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს დამტკიცების პროცესში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. 

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ყველა მინისტრმა თანამდებობა შეინარჩუნა. 

  • დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა – სხდომაზე არ დაუშვეს ჟურნალისტები და ასევე, სხდომა არ გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში.

"ქართულმა ოცნებამ"  აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი წინა კვირას წარადგინა.  თამაზაშვილმა თორნიკე რიჟვაძეს შეცვლა. 

სულხან თამაზაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული. გაერთიანებულმა სამეფომ თამაზაშვილს, როგორც თბილისის პოლიციის ხელმძღვანელს, სანქციები 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო დაუწესა. 

სულხან თამაზაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მაღალჩინოსანია, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენი გადასცა.

აჭარის მთავრობის წინა თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა ფეისბუქპოსტით 4 აპრილს დატოვა.