"ძალიან კარგად აიღებს ხელფასს, აი, გაჩვენებთ..." - კობახიძე სანქცირებულ თამაზაშვილზე

07.04.25 17:14
"ძალიან კარგად აიღებს ხელფასს, აი, გაჩვენებთ..."  - კობახიძე სანქცირებულ თამაზაშვილზე

კობახიძე ირწმუნება, რომ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი ხელფასს ოფიციალურად აიღებს. ამის შესახებ მან სასტუმრო "ჰილტონის" დატოვების შემდეგ განაცხადა, საიდანაც აქტივისტებმა საპროტესტო შეძახილებით გააცილეს.

არალეგიტიმური პრემიერი ამტკიცებს, რომ ბრიტანული სანქციები არ მუშაობს.  

ძალიან კარგად აიღებს ხელფასს. აი, გაჩვენებთ. არაჩვეულებრივად აიღებს ხელფასს, როგორც აქამდე იღებდა. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსი ის ოფიციალურად ირებდა ხელფასს, როგორც აჭარის მთავრობის ხელმღვანელიც ოფიციალურად მიიღებს ხელფასს. თქვენი სანქციები არ მუშაობს, ეს შემიძლია, გითხრათ, - თქვა დღეს კობახიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ, სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დაამტკიცა.  პოლიციის ექს მაღალჩინოსანს მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სულხან თამაზაშვილის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს დამტკიცების პროცესში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. 

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ყველა მინისტრმა თანამდებობა შეინარჩუნა. 

სულხან თამაზაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული. გაერთიანებულმა სამეფომ თამაზაშვილს, როგორც თბილისის პოლიციის ხელმძღვანელს, სანქციები 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო დაუწესა. 

სულხან თამაზაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მაღალჩინოსანია, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენი გადასცა.