"სადამსჯელო ღონისძიება და ნაბიჯი დიქტატურისკენ" - მესამე სექტორი "გრანტების შესახებ კანონზე"

08.04.25 11:49
"სადამსჯელო ღონისძიება და ნაბიჯი დიქტატურისკენ" - მესამე სექტორი "გრანტების შესახებ კანონზე"

კიდევ ერთი ნაბიჯი დიქტატურისკენ და სამოქალაქო საზოგადოების, კრიტიკული მედიის გაუქმების ყველაზე დიდი მცდელობა, - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები "ოცნების" მიერ გრანტების შესახებ კანონში დაანონსებულ ცვლილებებს. მესამე სექტორი დარწმუნებულია, რომ ორგანიზაციების დაფინანსების ნებართვას "ოცნების" არალეგიტიმური მთავრობა არ გასცემს.

"სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი ამბობს, რომ როგორც არ უნდა დაამძიმოს "ოცნებამ" კანონები, საზოგადოება არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას მაინც არ შეწყვეტს. 

ცვლიან კანონებს, ამძიმებენ, რეპრესიული მექანიზმი სულ უფრო და უფრო დახვეწილი სახით შემოდის, მაგრამ მაინც ვერაფერს შვრებიან. ამას მარტივი მიზეზი აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვართ და შეგვიძლია, შევპირდეთ ხელისუფლებას, რომ იმის მიუხედავად, კიდევ რა სადამსჯელო ღონისძიებებს მოიგონებენ, სანამ ქუჩაში სროლას არ დაგვიწყებენ, მანამდე მუდმივად მათზე ერთი ნაბიჯით წინ ვიქნებით. კი, ფიზიკურად თუ გაგვაჩერებენ ანუ ცოცხლები აღარ ვიქნებით ან ასე უცებ შემოგვივარდებიან და დაგვაპატიმრებენ, მერე შეიძლება, რაღაც გამოუვიდეთ დროებით. მისი ამოცანა არ არის ჩვენი ციხეში ჩასმა. ის კარგად ხვდება, რომ მასიურად რომ დაგვაპატიმროს, უფრო დიდი პრობლემები ექნება. მისი ამოცანა ამ ტიპის ცვლილებების შემოტანით არის, რომ ჩვენ ქვეყანა დავტოვოთ, მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებთ, - ამბობს "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ამბობს, რომ გრანტების შეზღუდვით ან გაუქმებით ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფები იზარალებენ. 

გრანტები ეხება აბსოლუტურად ყველა სფეროს. აქედან გამომდინარე, ეს იქნება სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფი, რომ ეს იქნება, მაგალითად, ქალტა დახმარებები, ეს იქნება შშმ პირები თუ სხვა ჯგუფები, რომლებიც ძალიან მოწყვლადი არიან დღევანდელ რეალობაში ამ არალეგიტიმური რეჟიმის მიერ, რომელიც არის პირდაპირ მხარდაჭერილი რუსეთის მხრიდან. ის საკითხები, რომელზეც მესამე სექტორი მუშაობს, ეს არი სხვადასხვა სახის დახმარება. ეს შეიძლება, იყოს იურიდიული მხარდაჭერა დაკავებული პირების. გრანტები ეს არის ეკონომიკაში ძალიან დიდი შემოსულობები, ეს არის ძალიან დიდი ინვესტიცია ეკონომიკაში, ეს ყველაფერი გაჩერდება, იმიტომ, რომ არცერთი ნორმალური სახელმწიფო საქართველოს ამ რეჟიმთან არ დაიჭერს თანამშრომლობას, - ამბობს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

რეჟიმი უცხოელებს ქართველი ხალხის დახმარებას უზღუდავს. საქმე გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ეხება.

ახალი კანონის თანახმად, ნებისმიერი უცხოური ორგანიზაცია ვალდებული ხდება,  ვიდრე საქართველოში რომელიმე ორგანიზაციას ხალხის დასახმარებლად ფულს გამოუყოფს, ნებართვა ივანიშვილის რეჟიმისგან აიღოს. მაგალითად, თუ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მისცეს დაფინანსება ახალგაზრდა იურისტებს, რომ მათ უფასო იურდიული დახმარება აღმოუჩინონ ადამიანებს ვინც უსამართლოდ დააკავეს, საქმე შეუკერეს ან ჩაგრავენ, თუ კობახიძე თანხმობას არ გასცემს,  დახმარების პროექტი ვერ დაიწყება. თუ ქალთა უფლებების დასაცავად, ვინც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, დახმარებას გამოყოფს ევროპული რომელიმე ფონდი, ამისთვისაც ჯერ თანხმობა მთავრობამ უნდა გასცეს.

გადაწყვეტილება დაფინანსების მიღება-არმიღებაზე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს მიანდეს.