ვერ ვხედავთ სერიოზულ კონკურენტს, შეავსებს ცარიელ ადგილს - "ოცნება" გიორგი გახარიაზე

23.03.21 14:09
ვერ ვხედავთ სერიოზულ კონკურენტს, შეავსებს ცარიელ ადგილს - "ოცნება" გიორგი გახარიაზე

ექს-პრემიერის პოლიტიკურ გეგმებს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებით კმაყოფილია. მისი განმარტებით, ახალი ოპოზიცია შეავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც ძველმა, რადიკალურმა ოპოზიციამ დატოვა. მაჭარაშვილი ასევე ამბობს, რომ ყოფილ პრემიერში კონკურენტს ვერ ხედავს.

„ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციაში გამოჩნდნენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სამწუხაროდ, შეავსებენ იმ სიცარიელეს, რომელიც დატოვა პოლიტიკურმა რადიკალურმა ფრთამ. ამ ეტაპზე პოლიტიკური თვალსაზრისით ჯერჯერობით ვერ ვხედავ სერიოზულ კონკურენტს „ქართული ოცნების“ მიმართ. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ჯერჯერობით დაველოდოთ მის განცხადებას, პლატფორმას,  შეხედულებას, რას აპირებს, როგორი ფორმატით, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი

გიორგი გახარიას კონკურენტუანრიანობის განსაზღვრა მიხეილ სუჯაშვილსაც უჭირს. მას ეჭვები გახარიას ახლებურ ხედვებთან დაკავშირებითაც აქვს და ამბობს, რომ პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ მისი ხედვები ვერ შეიცვლებოდა. 

კონკურენტი იქნება თუ არა ეს, წინასწარ ამის პროგნოზირებას მე ვერ გავაკეთებ. ეს დამოკიდებულია კონკრეტულ შინაარსზე, რას გააკეთებს, კონკრეტულ ნაბიჯს რას გადადგამს უშუალოდ ბატონი გიორგი გახარია. არ მგონია, რომ მას იმისგან განსხვავებული ხედვები ჩამოუყალიბდა ამ პერიოდის განმავლობაში, რაც პრემიერ-მინისტრი აღარ არის, რაც მანამდე ხორციელდებოდა მისი მეთაურობით, - ამბობს სუჯაშვილი. 

გუშინ ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება. ექს-პერმიერმა პოლიტიკაში დაბრუნება ჯერ ტელეკამერებთან დაანონსა, შემდგე კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგზე მუშაობს.