"კობახიძის განცხადება ჩვენს გეგმებს ვერ შეცვლის, ვრჩებით ღამის 12 საათამდე" - ზურაბ ცეცხლაძე
კობახიძის განცხადების შემდეგ სინდისის პატიმრების მშობლები დაშლას მაინც არ აპირებენ. ზვიად ცეცხლაძის მამა ამბობს, რომ აპრილის მემორიალს "ოცნების" წევრებისგან დღეს ღამის 12 საათამდე დაიცავენ.
ზურაბ ცეცხლაძე პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდის წევრებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას, "ვინ დაიწყო ომი" და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ, რომ მემორიალთან ყვავლები დააწყონ. მისი თქმით, მათ, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს, მემორიალთან მიახლოების უფლება არ აქვთ. ცეცხლაძე "ოცნების" ლიდერებს ურჩევს, ყვავილები პუტინთან და საბჭოთა ბელადებთან დააწყონ.
ჩვენთვის არაფერი იცვლება. პოლიპატიმრების ოჯახის წევრების განცხადება და ანონსი მოსმენილი აქვს მთელ საქართველოს, რომ ჩენ ორ ეტაპად გვქონდა პროტესტი: ეს იყო ღამის გათენება, შემდეგ 9 აპრილს ღამის თორმეთ საატამდე, ვიდრე 9 აპრილი არ გადავა, ჩვენ დავიცავთ ამ მემორიალს რუსი ჩინოვნიკებისგან, რომელიც საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლებას წარმოადგენს დღეს. კობახიძის განცხადება ჩვენს გეგმებს არანაირად არ შეცვლის. ჩვენ აქ ვიდგებით ღამის 12 საათამდე.
კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ პროვოკაციებს ვაწყობთ. ჩვენ ეროვნულ საქართველოს, რომელიც აქ დგას, რუსი ოლიგარქის მონობაში მყოფ ჩინოვნუკები უნდა მოგვერიდონ. კობახიძეს ვურჩევ, დამშვიდდეს, დაწყნარდეს, თავისი ტიტუშკები გაიწვიოს აქედან, თავისი შემოგზავნილი სუსის აგენტები გამოიწვიოს და გამოაცხადოს პოლიციის ყაზარმებში შეყვანა.
ერთადერთი შეკითხვა გვაქვს მასთან. უსაზიზღრესი მოღალატეობრივი კომისია მათ შექმნეს და მათ მოიტანეს დღის წესრიგში, რომ ვკითხოთ ხალხს, "ომი ვინ დაიწყო?" პასუხის მიღების შემდეგ თავისუფლად შეუძლიათ, ყვავილები დადონ და წავიდნენ. ის, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში დაადანაშაულებს, რა უნდათ 9 აპრილის მემორიალთან? წავიდეს და პუტინთან და საბჭოთა ბელადებთან დააწყოს ყვავილები, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
ირაკლი კობახიძე 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსეთს არ ახსენებს. ივანიშვილის პრემიერი წერს, რომ 9 აპრილს "ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელა".
ამასთან, კობახიძე სინდისის პატიმრების მშობლების მიერ ორგანიზებულ აქციაზეც წერს რომ: "უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე".