რუსეთის დავალებით შესრულებით სისტემატური ძალადობა რეაგირებას იწვევს - სამადაშვილი სანქციებზე
დიდი ბრიტანეთის მიერ "ქართული ოცნების" ოთხი მაღალჩინოსნის დასანქცირებასთან დაკავშირებით კოალიცია "ძლიერ საქართველოში" პირველ კომენტარს აკეთებენ.
პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი "პირველებთან" აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს ქმედება არის პასუხი იმ "სისტემატიზებული ძალადობის კამპანიის" შესახებ, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის დავალებით, ქართველი ხალხის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ახორციელებს.
ეს არ არის უბრალოდ შეცდომა, გადაცდომა. ეს არის სისტემატიზებული ძალადობის კამპანია ქართველი ხალხის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ეს არის რუსეთის დავალებით შესრულებით სისტემატური ძალადობა. ამიტომ იწვევს სწორედ ასეთ რეაგირებას. ასეთ რეაგირებას იწვევს კიდევ იმიტომ, რომ ხალხი იბრძვის და ამ ხალხის ბრძოლას პატივს სცემს დასავლეთი და მხარს უჭერს". - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ:
- შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე)
- მირზა კეზევაძე (გდდ-ს უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის “ხარებას” მოადგილე)
- კოკა კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი)
- გიორგი გაბიტაშვილი (მთავარი პროკურორი)
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მაღალჩინოსნებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებული აქტივები გაეყინებათ და ბრიტანეთის საზღვრის კვეთას ვეღარ შეძლებენ.