"აქვთ ასევე სხვა სიებიც" - გიორგი ბუტიკაშვილი სანქცირებულთა წრის გაზრდას აანონსებს
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს რომ უახლოეს მომავალში გაერთიანებული სამეფოს მხრიდან შავ სიაში ივანიშვილის რეჟიმის სხვა წარმომადგენლებიც მოხვდებიან.
"აქვთ ასევე სხვა სიებიც" - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "პირველებთან". გიორგი ბუტიკაშვილი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" ჩინოვნიკების ეტაპობრივად დასანქცირებით ბრიტანეთი ცდილობს ოლიგარქს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება აიძულოს.
აქვთ ასევე სხვა სიებიც. ჩვენ ამაზე კომუნიკაცია გვქონდა ყოველთვის ბრიტანეთის მთავრობასთან, პოლიტიკოსებთან. შეხვედრები იყო მათთან. ეს არის გზა, ნაბიჯი, რომელსაც ბრიტანეთი დგამს ეტაპობრივად. არცერთი შემთხვევა არ არსებობს, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით, რომ ერთიანად დაესანქცირებინა მოძალადე რეჟიმის ყველა წარმომადგენელი. ნელ-ნელა ბრიტანეთი ცდილობს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლობა აიძულოს, წავიდეს დიალოგზე, დანიშნოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები". - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ:
- შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე)
- მირზა კეზევაძე (გდდ-ს უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის “ხარებას” მოადგილე)
- კოკა კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი)
- გიორგი გაბიტაშვილი (მთავარი პროკურორი)
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მაღალჩინოსნებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებული აქტივები გაეყინებათ და ბრიტანეთის საზღვრის კვეთას ვეღარ შეძლებენ.