დარწმუნებული ვარ, მოსკოვთან არაოფიციალური მოლაპარაკებები უკვე არსებობს - დეკანოიძე მოსკოვის შეთავაზებაზე

14.04.25 13:44
დარწმუნებული ვარ, მოსკოვთან არაოფიციალური მოლაპარაკებები უკვე არსებობს - დეკანოიძე მოსკოვის შეთავაზებაზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ რეჟიმი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით არაოფიციალურ მოლაპარაკებებს უკვე მართავს და ამას ივანიშვილის არხების დახმარებით აკეთებს. 

ოპოზიცონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია და ივანიშვილისგან მალე რუსეთის მიმართულებით ნაბიჯებს კიდევ ვიხილავთ. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ არაოფიციალური მოლაპარაკებები არსებობს ანუ ის არხები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს... პრინციპში, ივანიშვილი ხომ არ წრიდან არის? ეს ოლიგარქიული წრე რუსების, აი, ეს ევტუშენკოვი, დერეპასკა და ა.შ., ადამიანები, ვინც ძალიან ახლოს არიან პუტინთან, რა თქმა უნდა, ივანიშვილიც იყენებს მათ და საკუთარ წარსულს და აწყმოს, პუტინთან სასაუბროდ. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ დროის საკითხი და რა თქმა უნდა, ის ღალატის ისტორია, რასაც ჩვენ ვუყურებთ პირდაპირ ეთერში და არა მხოლოდ, და საქართველოს პირდაპირ ჩაბარება მოღალატოებრივად რუსეთისთვის, ეს არის ზუსტად დასტური იმის, რომ ძალიან მალე ივანიშვილის შემდგომ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ, - ამბობს დეკანოიძე.

მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. ეს განცხადება ლავროვის მოადგილემ რუსულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. თუმცა, მიხაილ გალუზინი ხაზგასმით ამბობს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება.

ახლა ოკუპანტი ქვეყანა თბილისისგან შემხვედრ ნაბიჯებს - კომპრომისებს ელოდება. გალუზინი "ოცნების" პოლიტიკით კმაყოფილია და ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთისთვის ბოდიშის მოხდის ინიციატივა, რომელიც ივანიშვილმა გააჟღერა, "გონივრული" იყო. 

 

მსგავსი სიახლეები