რუსეთი ივანიშვილს ბოდიშის გამო აქებს და აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან დიპურთიერთობები აღადგინოს

14.04.25 10:32
რუსეთი ივანიშვილს ბოდიშის გამო აქებს და აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოსთან დიპურთიერთობები აღადგინოს

მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. ეს განცხადება ლავროვის მოადგილემ რუსულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. თუმცა, მიხაილ გალუზინი ხაზგასმით ამბობს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება.

ახლა ოკუპანტი ქვეყანა თბილისისგან შემხვედრ ნაბიჯებს - კომპრომისებს ელოდება. გალუზინი "ოცნების" პოლიტიკით კმაყოფილია და ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთისთვის ბოდიშის მოხდის ინიციატივა, რომელიც ივანიშვილმა გააჟღერა, "გონივრული" იყო. 

გასულ შემოდგომაზე, საარჩევნო კამპანიის დროს, საქართველოს ხელმძღვანელობამ ძალიან გონივრული განცხადებები გააკეთა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ. როგორც მე მესმის, ოფიციალურ თბილისს იგივე დამოკიდებულება აქვს აფხაზეთის მიმართ. და ეს, რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალებია. ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოიხატება კონკრეტულ ნაბიჯებში საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის... ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება....

რუსულმა მხარემ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, აღდგა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აღდგა. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ის. ჩვენ მზად ვართ წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, - ამბობს გალუზინი.