"ოცნების" ამოცანაა, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში შეიტყუოს - გიორგი ბუტიკაშვილი
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი ყველა იმ მიზეზზე საუბრობს, რომლის გამოც, მისი აზრით, "ოცნებამ" ოპოზიციის აკრძალვის საკითხი გადაიწია.
ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ რეჟიმი ახლა ცდილობს, ოპონენტები თითმმართელობის არჩევნებში შეიტყუოს, რათა რაიმე ფორმით ლეგიტიმაცია მოიპოვოს. ამასთან, მისივე თქმით, ივანიშვილის გუნდს სანქციებისაც ეშინია, რომელიც დასავლეთის მხრიდან ენმ-ს აკრძალვას მოჰყვება.
"ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა პირდაპირ პროპორციული იქნებოდა სანქციების და ეს სანქციების თემა მათ ძალიან ადარდებთ. და მეორე, "ქართულ ოცნებას" აქვს ამოცანა, რაიმე ფორმით შეიტყუოს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში და ამისთვის ამზადებს ფონს. მათ სჭირდებათ, რაიმე ფორმით მოპოვონ ლეგიტიმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს სრული ავტორიტარიზმი და მერე აკრძალავს, როცა გაიმყარებს პოზიციებს და დროს მოიგებს, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.
"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის აკრძალვის თარიღი გადაწია - მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიას ერთპარტიული პარლამენტი ვადას გაუხანგრძლივებს და შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა პარტიას ექნება.
მამუკა მდინარაძე აანონსებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შემდეგ, საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება, რომელიც მისივე მტკიცებით, "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" აკრძალავს.