პასუხი წულუკიანის კომისიას - მოქალაქე კიდევ ერთ სასტიკ მკვლელობაზე წერს

15.04.25 14:09
პასუხი წულუკიანის კომისიას - მოქალაქე კიდევ ერთ სასტიკ მკვლელობაზე წერს

"აფრასიძეებმა მათ მიერ დაჭრილ ბიჭთან საშველად მისული ხალხი არ მიუშვეს, ქალებს ესროდნენ დასაშინებლად" - ასე აღწერს ია თაბაგარი 1995 წელს მომხდარ ფაქტს, როცა მისი მტკიცებით, "აფრასიძეებმა ბადრი დადეშქელიანი მოკლეს".

თაბაგარის თქმით, აფრასიძეები გზებზე ყაჩაღობდნენ, საკუთარ ნათესავებსაც არ ინდობდნენ, ჰუმანიტარულ დახმარებას იტაცებდნენ და ადამიანები მძევლებად აჰყავდათ.

ბადრის მამა ბექო დადეშქელიანი იმ დღის მერე ვეღარ გასწორდა მხრებში, დედამისს სამგლოვიარო ტანსაცმელი არც ახლა გაუხდია! - წერს მოკლულის ახლობელი.

რა კავშირი იყო აფრასიძეებსა და ჩვენს ნათესაობას შორის?!

ბადრი დადეშქელიანი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო. ჩემზე ცოტათი უფროსი, თუმცა მამიდად ვეკუთვნოდი და ამაზე მუდმივად ხუმრობდა, თანაც თინეიჯერობის ასაკში ვინმეს რომ გამაცნობდა სვანეთში, ვერავინ იჯერებდა ჩემს მამიდობას.

ბადრი ლაღი და ხალისიანი ბიჭი იყო, ნამდვილი მთის შვილი, ვაჟკაცური იერით, ლამაზი ღია ფერის თვალებით და ღირსეული თვისებებით.

ზაფხულობით ხშირად ჩავდიოდი სვანეთში, ბეჩოს ხეობაში, სადაც ბებიაჩემი მადი დადეშქელიანი მაზერის კოშკში დაიბადა.

შემდეგ საბჭოთა რეჟიმმა დაარბია დადეშქელიანების ოჯახი, გადაწვეს უძვირფასესი ბიბლიოთეკა, გაანადგურეს ძველი რუკები და ისტორიული ნივთები, გაიტაცეს ძვირფასეულობა, რომლის მხოლოდ მცირედი ნაწილი შემორჩა მესტიის მუზეუმს.

ოჯახის ისტორია ნაწილობრივ გაქრა! დადეშქელიანების დიდი ოჯახი დაიქსაქსა, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგი 1937 წლის რეპრესიების დროს დახვრიტეს, ზოგი გაერიდა ხელისუფლების ყურადღებას და ზოგმაც ვერასდროს ვეღარ ამოისუნთქა თავისუფლად.

ბადრი იქნებოდა დადეშქელიანების გვარის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამგრძელებელი, მაგრამ აფრასიძეებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე! ბადრი 1995 წელს მოკლეს...

დილით დაჭრილ ბიჭთან საშველად მისული ხალხი არ მიუშვეს აფრასიძეებმა, ქვედა ხეობიდან მისულ ქალებს ესროდნენ დასაშინებლად, საღამოს კი სისხლისგან დაცლილი წავიდა ამქვეყნიდან. ბადრის მამა ბექო დადეშქელიანი იმ დღის მერე ვეღარ გასწორდა მხრებში, დედამისს სამგლოვიარო ტანსაცმელი არც ახლა გაუხდია!

ოდესღაც სიცოცხლით სავსე ოჯახი დადუმდა ტკივილისგან და სევდისგან. ეს დიდი დანაკარგი დღემდე მოჰყვება ოჯახს და ჩვენს ნათესაობას!

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ოჯახის და სხვა გამწარებული ოჯახების ამბებიც...

ბადრი აფხაზეთის ომში რომ იბრძოდა, მაშინ აფრასიძეები შარა-გზაზე ყაჩაღობდნენ, საკუთარ ნათესავებსაც არ ინდობდნენ, ჰუმანიტარულ დახმარებას იტაცებდნენ და ადამიანებს მძევლებად იყვანდნენ.

ამ ფაქტების უამრავი მოწმე არსებობს, ადგილობრივები და ტურიზმის სექტორიდანაც, ვინც ვერ გადაურჩა აფრასიძეების მიერ ძარცვას, გატაცებას და შეურაცხყოფას! ბადრი მოგვიკლეს ყველას!

ვინ იყვნენ აფრასიძეები?

ისინი იყვნენ მკვლელები და ყაჩაღები! ნურავინ ეცდება მათ წარმოჩენას მსხვერპლის სახით! ეს ჩვენი ერთ-ერთი წინაპრის, დადეშქელიანის ფოტოა, ბადრი ძალიან ჰგავს!" - წერს თაბაგარი.

თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების საქმის განხილვამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. 

ბოლო რამდენიმე საათია, მოქალაქეები მძიმე ისტორიებს ერთი მეორეს მიყოლებით ჰყვებიან და "ქართულ ოცნებას" მიმართავენ. 

ამავე თემაზე 

რა ვიცით 2004 წლის 24 მარტს, სვანეთში, მესტიის სოფელ ეცერში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე?

  • ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების თანამშრომლების მონაწილეობით ჩატარდა. მაშინ ითქვა, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა.
  • ამავე განცხადებების მიხედვით, მაშინ შსს-ს წარმომადგენლების მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა მოჰყვა.
  • სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი შვილი ომეხ აფრასიძე მოკვდნენ. გოჩა და შმაგი აფრასიძეებს რაც შეეხება ისინი დააკავეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგტ, ძმებმა, რომლებსაც  19 და 17-წლიანი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი, საპატიმრო 2013 წელს დატოვეს.

მსგავსი სიახლეები