პოლონური სანქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პოლონეთს ევროკავშირში გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის - ნინო დოლიძე

17.04.25 20:42
პოლონური სანქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პოლონეთს ევროკავშირში გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის - ნინო დოლიძე

"ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ ქვეყანაში განგრძობითად მიმდინარეობს დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების დარღვევა და რეპრესიები" - ასე ეხმაურება "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე პოლონეთის მიერ ივანიშვილის რეჟიმის 8 წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. 

ნინო დოლიძის შეფასებით, პოლონეთის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მას, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, EU-ში გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის. 

კვირა არ გადის, ფაქტობრივად, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სხვადასხვა ტიპის სანქციებს აქვეყნებენ საქართველოში იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ. იქნება ეს სავიზო შეზღუდვები, თუ იქნება ფინანსური სანქციები. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ განგრძობითად ხდება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევა, დემოკრატიული უკუსვლა, რეპრესიები.

პარტნიორები ამით ცდილობენ, რომ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს, რომელიც იბრძვის დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის. პოლონეთი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ ბრძოლაში ისინი მუდმივად ქართველი ხალხის გვერდით დგანან. მეორე იმიტომ, რომ დღეს მათ სიტყვას ევროკავშირში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს". - განაცხადა ნინო დოლიძემ. 

პოლონეთმა ივანიშვილის რეჟიმის სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენლის  წინააღმდეგ სამოგზაურო სანქციები დააწესა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე გაავრცელა

ამ დროისთვის უცნობია, ვინ მოხვდა სანქციათა სიაში, თუმცა პოლონური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სანქცირებულთა შორის არიან ძალოვანებიც.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ივანიშვილის რეჟიმის 8 წარმომადგენელს სანქციები ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიებისა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებული ძალადობის პასუხად დაუწესა.

მსგავსი სიახლეები