პოლონეთის სანქციები ივანიშვილის რეჟიმს - ივანიშვილის გუნდში კომენტარები კეთდება
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სანქციები ივანიშვილის რეჟიმს - "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ პოლონეთის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ინტერესი გააჩნია და საქართველოში არსებულ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის პოლონეთის პოლიტიკური ინტერესი და არა იმ რეალობის შესაბამისი ზომები, რომელიც საქართველოში არსებობს. საქართველოს ეუბნება, რომ იმის გამო, რომ შენ იცავ, პოლიციელს ეუბნება, რადგან იცავ შენ ქვეყანას, ამის გამო შენ მე დაგასანქცირებ და ეს უხარიათ ადამიანებს, რომლებმაც მარიონეტად გადაწყვიტეს ყოფნა. შეპყრობილები არიან, ძალიან მძიმე დაავადებით, რასაც მარიონეტიზმი ჰქვია და ეს არის საშინელება", - ამბობს გია ვოლსკი.
ნინო წილოსანი პოლონეთის მიერ დაწესებულ სანქციებს საქართველოს მიერ დაწესებულ "დასჯის მეთოდებს" უწოდებს და ირწმუნება რომ ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ ხალხმა "ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" არ მოაბრუნა"
პოლონეთის მხრიდან დასანქცირება, ასევე გაგრძელება არის იმ უსამართლო სანქციების და დასჯის მეთოდების, რომელიც საქართველოს მიმართ ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში არ მოაბრუნა "ნაციონალური მოძრაობა". ჩვენ ასევე გაგვახსენდება პოლონელი პოლიტიკოსების სიმპათიები მიშა სააკაშვილის, "ნაციონალების" მიმართ. თუმცა, აქ ერთია არც პოლონელებს, არც ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენელ პოლიტიკოსს, პირადად სააკაშვილი, ან "ნაციონალური მოძრაობა" კი არ უყვართ, არამედ უყვართ მათი გავლენა საქართველოში, როდესაც მარტივად აღწევდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს", - ამბობს ნინო წილოსანი.
- ცნობისთვის, პოლონეთმა ივანიშვილის რეჟიმის სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენლის წინააღმდეგ სამოგზაურო სანქციები დააწესა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე გაავრცელა.
"პირველების" ინფორმაციით, პოლონეთის დასანქცირებულთა შორის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურია.
ასევე ჩვენივე ცნობით, რვავე სანქცირებული ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანია.
- როტაციის პრინციპით პოლონეთი ახლა ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფო და ვაიმარის სამკუთხედში შემავალი ერთ-ერთი ქვეყანაა. რატომ არის ეს გარემოებები მნიშვნელოვანი? გუშინდელ დღემდე ოფიციალური ვარშავა სანქციების ამოქმედებისგან თავს იკავებდა, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია, რაც შესაძლოა ბიძგი აღმოჩნდეს გერმანიისთვის და საფრანგეთისთვისაც.