შეიძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე იყოს და "ოცნებამ" საზოგადოების შემზადება ახალი პროპაგანდისტული მესიჯით დაიწყო - ექსმინისტრი

18.04.25 17:11
შეიძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე იყოს და "ოცნებამ" საზოგადოების შემზადება ახალი პროპაგანდისტული მესიჯით დაიწყო - ექსმინისტრი

ქართულმა ოცნებამ დაიწყო საზოგადოების შემზადება ახალი პროპაგანდისტული მესიჯის გავრცელებით:„ქართველი კაცის პატრიოტიზმი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე არ გაიცვლება“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ოცნების" ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პაპუნა ჯანელიძე წერს. 

ჯანელიძის თქმით, შესაძლოა "ოცნებამ" უკვე იცოდეს, რომ მართლაც არსებობდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების და ივანიშვილის გუნდის ახალი პროპაგანდის მიზეზიც ეს იყოს. 

ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ამ მესიჯით შეურაცხყოფას აყენებს მთლიანად საქართველოს და მიიჩნევს, რომ ხალხი ბრბოა - წერს ექსმინისტრი. 

ჯანელიძე იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციაზე “ოცნების” პროპაგანდა არ იმუშავებს.

მე ნამდვილად არ მაქვს ისეთი წარმოდგენა თქვენზე, რომ ამ რეალობას და პერსპექტივას ვერ აფასებდეთ - ამბობს ყოფილი მინისტრი.

ქართულმა ოცნებამ დაიწყო საზოგადოების შემზადება ახალი პროპაგანდისტული მესიჯის გავრცელებით:„ქართველი კაცის პატრიოტიზმი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე არ გაიცვლება“, რისი მიზეზიც, ჩემდა სამწუხაროდ, შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე.
ქართულმა ოცნებამ შეძლო ბევრი პროპაგანდისტული მესიჯის გატანა, თუმცა, იმედი მაქვს რომ ეს ბოლო მესიჯი მაინც არ იმუშავებს. ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ამ მესიჯით შეურაცხყოფას აყენებს მთლიანად საქართველოს და მიიჩნევს, რომ ხალხი ბრბოა და ნებისმიერ პროპაგანდისტულ მესიჯს მიიღებს. როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ დაიჯეროს, რომ:
- ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით, თურმე ევროკავშირი სარგებლობს და არა საქართველო;
- ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უკავშირდება ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული პოლიტიკის გატარებას საქართველოში.
საქართველოს მოქალაქეები 2017 წლის შემდეგ სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით და მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული თუ რა სიკეთეები მოუტანა მათ ამ რეჟიმმა.
- უკანონო მიგრაციის გამო წლობით დაშორებული ოჯახები გაერთიანდნენ, შვილები წლების მანძილზე უნახავ დედებს შეხვდნენ;
- ათიათასობით ადამიანმა შეძლო სასიცოცხლო სამედიცინო დახმარების მიღება;
- ათიათასობით ადამიანმა ისარგებლა ლეგალური დროებითი მიგრაციითა და დასაქმებით;
- ათიათასობით სტუდენტმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენელმა, ისარგებლა დროებითი გაცვლითი პროგრამებით, კონფერენციებითა და სხვა აკადემიურ/საგანმანათლებლო ღონისძიებებით;
- მცირე და საშუალო ბიზნესმა ისარგებლა გამოფენებსა და სხვა ბიზნეს ღონისძიებებში მონაწილეობით.
- ასევე, ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა ტურისტული მოგზაურობითაც,  სანუკვარი ოცნებები აისრულეს. მახსოვს, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, რეგიონებში საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ერთ-ერთ შეხვედრაზე მოქალაქის მიერ დასმული კითხვა: „100 ევრო მაქვს დანაზოგი და „ვიზეარით“ მილანში რომ ჩავფრინდე, მილანი ვნახო და იმავე რეისით უკან დავბრუნდე თუ შეიძლებაო?“ 
ევროკავშირთან ვიზალიბერალოზაციის შედეგად, რეალურად გაჩნდა საბჭოურ მეხსიერებაში დალექილი 30 მანეთიანი მოსკოვის ბილეთების ალტერნატივა, და ეს ყველაზე მეტად აღიზიანებს ოკუპანტ რუსეთს. ორიოდე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის რუსეთი საკვანძო ბაზრად რჩება ბევრი მიმართულებით, კერძოდ ღვინის პროდუქციის მხრივ, ხილეულის მხრივ. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოში ენერგეტიკისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია”. მათი მიზანია, რომ ჩვენ სრულად დამოკიდებული გავხდეთ რუსეთზე, ისევე როგორც ეს იყო 2 საუკუნის მანძილზე და ამ მიზნის მიღწევაში მათ პირდაპირ ეხმარება ქართული ოცნება.
ძვირფასო ქართული ოცნების მომხრეებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ პატივისცემით და თხოვნით, კარგად გაიაზროთ რა მდგომარეობამდე მიგვიყვანა ამ უგუნურმა შიდა თუ საგარეო პოლიტიკამ და რა პერსპექტივას ისახავთ წინ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის.
მე ნამდვილად არ მაქვს ისეთი წარმოდგენა თქვენზე, რომ ამ რეალობას და პერსპექტივას ვერ აფასებდეთ", - წერს პაპუნა ჯანელიძე. 

არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუფასურება სცადა. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო მედიის ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა.

მსგავსი შინაარსის განცხადება დღეს გაავრცელა "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმაც.

 

მსგავსი სიახლეები