რა ვიცით თამარ ზოდელავაზე, ვისაც კობახიძემ NGO-ების დაფინანსებისთვის შექმნილი სსიპ-ი ჩააბარა

23.04.25 13:23
რა ვიცით  თამარ ზოდელავაზე, ვისაც კობახიძემ NGO-ების დაფინანსებისთვის შექმნილი სსიპ-ი ჩააბარა

ვინ არის თამარ ზოდელავა, რომელიც ბიუჯეტიდან NGO-ების დაფინანსებისთვის შექმნილ სსიპ-ს უხელმძღვანელებს? - ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, ზოდელავას კომპლექსური პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2003 წლიდან ზოდელავა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) გუნდში მუშაობდა სხვადასხვა პროექტებსა და პოზიციებზე, ასევე იყო ევროპის საბჭოს პროექტის მრჩეველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის მენეჯერი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

გაიარა გერმანულენოვანი საერთაშორისო კერძო სამართლის მაგისტრატურა.

ზოდელავა სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის განხრით და გავლილი აქვს სწავლება შპაიერის საჯარო მმართველობის უნივერსიტეტში.

ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სააგენტო თამარ ზოდელავას ჩააბარა - "ქართული ოცნების" პრემიერის შესაბამისი ბრძანება, გუშინ, 22 აპრილს გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, 20 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ახალ სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნება. 

    მსგავსი სიახლეები