არის თუ არა დავითაშვილის ვიზიტი აშშ-ში "ოცნების" უკან დახევა? - რა ვერსიებზე საუბრობენ ოპოზიციაში

26.04.25 15:53
არის თუ არა დავითაშვილის ვიზიტი აშშ-ში "ოცნების" უკან დახევა? - რა ვერსიებზე საუბრობენ ოპოზიციაში

ამერიკისთვის გამოცხადებული ბოიკოტიდან ერთი წლის თავზე, "ქართული ოცნებამ" შტატებში ლევან დავითაშვილი გააგზავნა. 

  • ცნობისთვის, ერთი წლის წინ, ამერიკაში მიწვეულმა კობახიძემ პირველ პირებთან შეხვედრაზე უარი თქვა და არ ჩავიდა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში შეხვედრა გამართა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორს ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში, ენდრიუ პიკს შეხვდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე მწუხარება გამოთქვა, რომ წინა ადმინისტრაციის დროს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ფორმალურად შეჩერდა.

არსებობს ძალიან მყარი პოზიცია ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში, რომ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა არა თუ გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს და ხარისხობრივად და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, რაც პრაქტიკულად ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი იქნება,“ - თქვა დავითაშვილმა.

"ქართული ოცნების" პოლიტიკური ოპონენტები ფიქრობენ, რომ ამერიკაში ჩასული ლევან დავითაშვილის მთავარი ამოცანა ივანიშვილისთვის და მისი რეჟიმისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებაა. სწორედ ამიტომ, ოპოზიციას უჩნდება განცდა, რომ ოლიგარქის გუნდი ახლა უკან იხევს. 

გახარიას გუნდის წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომლევან დავითაშვილმა ივანიშვილს საქართველოში ის გზავნილები უნდა ჩამოუტანოს, რომლის პირნათლად შესრულებაც ბიძინა ივანიშვილზე სასანქციო წნეხს შეამცირებს. 

შეხვედრა საფინანსო ინსტიტუტებს უკავშირდება. მთავარი არის არა შეხვედრის ფაქტი, არამედ ის, თუ რა გზავნილი გადასცეს მას. როგორ ჩანს, ლევან დავითაშვილი დღეს არის ერთადერთი კაცი ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმში, რომელსაც შესაძლებელია მესიჯი მიაწოდონ იმისთვის, რომ მას შემდგომ თავის პატრონს ეს მესიჯი გადასცეს. წინაპირობები უნდა არსებობდეს სანქციების რეჟიმის მოსახსნელად, ვფიქრობ, ამ წინაპირობებზე უფრო იქნებოდა გზავნილები, ვიდრე ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი უპირობოდ გათავისუფლდება იმ წნეხისგან, რომელიც დაეკისრა მას ქვეყნის სუვერენიტეტისა და კონსტიტუციის ხელყოფის გამო". - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენელი, გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, ეს შეხვედრა "ოცნებისთვის" სასიამოვნო ნამდვილად არ იქნებოდა და სწორედ ამას უკავშირდება ის ფაქტი, რომ შეხვედრიდან არანაირი ფოტო არ გავრცელებულა

ამიტომ ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე დაიდო ტექსტი - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი "პირველებთან". 

პიკი არის მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც იკვლევს და სადოქტორო აქვს დაცული რუსეთის ჰიბრიდულ ომზე, იცის რუსეთის ქმედებები. მან ზუსტად იცის, საქართველოში რა მდგომარეობაა. ისიც იცის, "ქართული ოცნება" როგორ აძლიერებს რუსულ რეჟიმს რეგიონში. ამიტომ იყო ასეთი ორაზროვანი განცხადება დავითაშვილის, ამიტომ არის, რომ არანაირი ფოტო არ გავრცელებულა. ეს შეხვედრა არ იქნება "ოცნებისთვის" სასიამოვნო მოსასმენი, ამიტომ ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე დაიდო ტექსტი. ეს ტექსტი არის "ქართული ოცნების" მიერ პროპაგანდისტულად გამოყენებული. "ქართული ოცნება" ჩასულია ამერიკაში, რადგან მათ ეკონომიკურად გაუჭირდათ, არის ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც ვეღარ მართავენ, სჭირდებათ ვალების აღება". - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა. 

კოალიცია "ძლიერ საქართველს" წევრს, თაზო დათუნაშვილს კი მიაჩნია, რომ დავითაშვილი "ვირეშმაკობს", რადგან მისი თქმით, ვითარების ცვლილების გარეშე ამერიკის დამოკიდებულება არ შეიცვლება.

ვიცე-პრემიერი დავითაშვილი მაშინაც ვიცე-პრემიერი იყო, როდესაც შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა და ახლაც ვიცე-პრემიერია. დავითაშვილი არ გამოსწორებულა. ამ ხელისუფლებას არავინ არ დაუსჯია ხალხის წამებისთვის, პოლიტიკური პატიმრები არ გაუთავისუფლებია, ახალი არჩევნები არ ჩაუნიშნავს. ამიტომ, ვითარების ცვლილების გარეშე ვინმეს თუ ჰგონია, რომ დამოკიდებულება შეიცვლება, რადგან დავითაშვილს ლამაზი თვალები აღმოაჩნდება, რომელიც 6 თვის წინ არ ჰქონდა, ის ინფანტილურად უყურებს პოლიტიკურ პროცესს, ან ვირეშმაკობს და ცდილობს, რომ მოსახლეობა პროპაგანდისტულად მოატყუოს." - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები