გთხოვთ, არ გვაფიქრებინოთ, რომ აღსარება ეშმაკს ჩავაბარეთ - რეზო კიკნაძე სასამართლოს

01.05.25 17:33
გთხოვთ, არ გვაფიქრებინოთ, რომ აღსარება ეშმაკს ჩავაბარეთ - რეზო კიკნაძე სასამართლოს

 

 

როდესაც გახარია მივიდა წულუკიანის ფანჩატურში, მონანიებიდან გამახსენდა ვარლამ არავიძის სიტყვები, როდესაც თავის შვილს ეუბნება, აღსარებისთვის ეშმაკს ეწვიეო? - ამის შესახებ სინდისის პატიმარმა, რეზო კიკნაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიმართა - "არ გვაფიქრებინოთ, რომ აღსარება ეშმაკს ჩავაბარეთ".

რაც შეეხებება ახალი დანაშაულის ჩადენის და ქვეყნიდან გასვლის საფრთხეს, რაზეც პროკურორები სხდომაზე აპელირებდნენ, რეზო კიკნაძემ თქვა, რომ ავტობუსის ჯარიმაც კი არ ჰქონია და არც არასდროს ყოფილა სხვა ქვეყანაში.

 საერთოდ არ ვყოფილვარ საზღვარგარეთ არასდროს, პასპორტი არ მაქვს, დამალვას საერთოდ არ ვაპირებ - თქვა სასამართლოზე კიკნაძემ. 

  • დღევანდელ სხდომას მისი ადვოკატი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ ესწრებოდა, შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვისას მას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მისცა.

„როცა გადაწყვეტილებას მიიღებთ, გახსოვდეთ, ცარიელი სიტყვების გამო არ მიიღოთ გადაწყვეტილება. შეიძლება რაღაც პერიოდი ადამიანი ხელისუფლებაში იყოს და ძალაუფლება შერჩეს, მაგრამ ისტორია ყველას თავის ადგილს მიუჩენს და თავის სათქმელს დაარქმევს. თქვენ შეგიძლიათ ისტორია დაწეროთ.

მიმალვის საფრთხე ახსენეს პროკურორებმა, რანაირად უნდა მივიმალო, ლისის ტბაც არ ვიცოდი სად იყო, საზღვარგარეთაც ვერ გავიქცევი, საერთოდ არ ვყოფილვარ საზღვარგარეთ არასდროს, პასპორტი არ მაქვს, დამალვას საერთოდ არ ვაპირებ, პირიქით, ვაპირებ ყველას ვუთხრა ვინ ვარ  და საერთოდ არაფერი მაქვს დასამალი.

ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეო, ჯერ ძველი არ ვიცი და დანაშაულის ჩადენას საფუძველი ხომ უნდა მქონდეს. ავტობუსის ჯარიმაც კი არასდროს მქონია.

ციხის ნებისმიერი თანამშრომელი, ბადრაგიდან დაწყებული, ციხის დირექტორით დამთავრებული, ყველა გეტყვით, როგორი პიროვნებები ვართ იქ და როგორ ვიქცევით. პირიქით, ყველა იმას ამბობს, აქ რა გინდათ, ჭკუა სად ჰქონდათ, თქვენ რომ გიჭერდნენო. ნაკაშიძე მგონია ხოლმე თავი „თეთრი ბაირაღებიდან“.

როდესაც გახარია მივიდა წულუკიანის ფანჩატურში, მონანიებიდან გამახსენდა ვარლამ არავიძის სიტყვები, როდესაც თავის შვილს ეუბნება, აღსარებისთვის ეშმაკს ეწვიეო? და თქვენ ერთი რაღაც მინდა გთხოვოთ, გთხოვთ, დღეს არ გვაფიქრებინოთ, რომ აღსარება ეშმაკს ჩავაბარეთ" - განაცხადა კიკნაძემ.

ცნობისთვის, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, რევაზ კიკნაძე და რეჟიმის კიდევ 8 ტყვე პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები