მოსამართლე გალუსტაშვილმა რეჟიმის 11 ტყვე პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, რევაზ კიკნაძე და რეჟიმის კიდევ 8 ტყვე პატიმრობაში დატოვა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. გადაისინჯა დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
ადვოკატები ბრალდების პოზიციას არ დაეთანხმნენ. ისინი შუამდგომლობდნენ დაკავებულების აღკვეთის გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ.
რა ხდებოდა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე?
- ყოველთვის თქვენს ხელში არ იქნება სასამართლო! მოგეკითხებათ - რეზო კიკნაძე რეჟიმს
- ონისე ცხადაძის მიმართვა: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ციხე ჩემთვის კომფორტია, მაშინ ნინო წილოსანს ვუსურვებ, იგივე სიტუაციას, 4-დან 6 წლამდე
- ანდრო ჭიჭინაძე: ერთის მხრივ, პროკურატურის ბრალდება გაუგებარია, მეორეს მხრივ სასაცილოა, მესამე მხრივ, ვერ იპოვიან იმას, რასაც გვედავებიან
- ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლეს: შანსი გაქვთ გამრუდებული მართლმსაჯულების გამოსწორების - საზოგადოება გიყურებთ, გაუძლებთ თუ არა პოლიტიკურ ზეწოლას
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.