შეიარაღებული დაპირისპირება პრეზიდენტის სახლთან - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

03.05.25 15:54
შეიარაღებული დაპირისპირება პრეზიდენტის სახლთან - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

კრიმინალური გარჩევა და სროლა მეხუთე პრეზიდენტის სახლთან - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია. როგორც ადგილობრივები "ტვ პირველს" უყვებიან, სამართალდამცველები ბორის კუპტინის ქუჩაზე 4 საათის დაგვიანებით, დილის 8 საათზე მივიდნენ, შემთხვევის ადგილი დაასურათეს და ადგილიდან ტყვიის მასრები ამოიღეს. 

როგორც სალომე ზურაბიშვილის მეზობელი "პირველებთან" ამბობს, დაპირისპირება "ლადოს" ბარში დაიწყო, შემდეგ კი ხელჩართული ჩხუბი ქუჩაში გაგრძელდა, საიდანაც 50-მდე პირი მათი ქუჩისკენ დაიძრა.

"ორ ახალგაზრდას მისდევდნენ და ტყვიებს უმისამართოდ ისროდნენ, ერთი ტყვია სალომე ზურაბშვილის ეზოშიც მოხვდა, ორივე ბიჭი დაუჭრიათო, დილით პოლიცია იძახდა", - ამბობს ადგილობრივი. 

"პირველების" ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდები კლინიკაში თავისი ფეხით მივიდნენ. "ტვ პირველმა" გაარკვია, რომ ორივე მათგანი კიდურების არეში, კოჭებშია დაჭრილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ბორის კუპტინის ქუჩის მაცხოვრებლებმა სროლის ხმა გამთენიისას დაახლოებიოთ 04:30-ზე გაიგეს და 112-ში რეკვა დაიწყეს. 112-ში დარეკა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც. 

ცნობისთვის, თავდაპირველად, გუდიაშვილის ბაღის მიმდებარედ მომხდარი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში სწორედ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილი წერდა, რომ სახლთან მუშტი-კრივი და წივილ-კივილი იყო, რაც ბოლოს იარაღის გამოყენებით დასრულდა.

  • შემდეგ მეხუთე პრეზიდენტმა ამის შემდეგ კომენტარი გააკეთა მის სახლთან მისულ მედიის წარმომადგენლებთანაც. 

გომელაურის უწყებამ ზურაბიშვილის სახლის მახლობლად სროლის და 2 პირის დაჭრის შესახებ ინფრომაცია ცოტა ხნის წინ დაადასტურა. შსს-ს განცხადების თანახმად, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, რომლის დაკავების მიზნით, საქმეზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.