ასეთი რა ზიანი მოგაყენე, რომ 4-დან 7-წლამდე მუხლი მაქვს-მზია ამაღლობელის მიმართვა დგებუაძეს
მე მზია ამაღლობელმა, შენ, ირაკლი დგებუაძეს, ასეთი რა ზიანი მოგაყენე, რომ 4-დან 7-წლამდე მუხლი მაქვს,- ასე მიმართა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე ირაკლი დგებუაძეს.
ამაღლობელის თქმით, ის პასუხისმგებლობას არ გაურბის, თუმცა არ მიაჩნია, რომ სილის გაწვნა თავდასხმაა.
“მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მე ვამბობ, რომ სილის გაწვნა არ არის თავდასხმა“,- თქვა პროცესზე ჟურნალისტმა.
თქვენ დღეს წარმოდგენილი ხართ დღეს, როგორც დაზარალებული. ძალიან მაინტერესებს, მე, მზია ამაღლობელმა, რა ზიანი მოგაყენეთ ისეთი, რომელიც შეიძლება კვალიფიცირდეს 353-ე პრიმა მუხლით? - იცით, ალბათ, ეს მუხლი ითვალისწინებს 4 -დან 7-წლამდე სასჯელს.
პასუხისმგებლობას პირველივე დღიდან არ გავურბივარ, უბრალოდ ვამბობ, რომ სილის გაწნა არ არის თავდასხმა. თქვენი პასუხია - კი. რა ზიანი მიგაყენეთ თქვენ რომ მითხრათ?.
დასანანია რაც ხდება, ხვალ 9 მაისია, ევროპის დღე, გილოცავთ და ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ იბრძოლონ ევროპული მომავლისთვის,- ასე დაასრულა საკუთარი სიტყვა ამაღლობელმა.
მზია ამაღლობელის მიერ ევროპის დღის მილოცვას დარბაზში ტაში მოჰყვა. რაზედაც მოსამართლემ შენიშვნა მისცა დარბაზს და აქცენტი გააკეთა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს სხდომის დახურვას.
ამაზე ნესტან ცეცხლაძემ მოსამართლეს შემდეგი სიტყვები მიმართა: "ოცნებობთ სხდომის დახურვაზე", რის გამოც, სახელაშვილმა ის სასამართლო დარბაზიდან გააძევა.
ასევე დარბაზიდან გააძევა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი, ზვიად ქორიძე, რომელმაც მოსამართლეს უთხრა: "ვერ წარმართავთ ამ სხდომას თქვენ".
ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის შემდეგ სასამართლო პოლიციელების თანხლებით და შეძახილების ფონზე დატოვა.
შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმეზე, აჭარის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძე დაიკითხა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სილის გაწვნის შედეგად "ტკივილი განიცადა".
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დაცვის მხარე, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქმის მასალებს იცნობს, ამბობს, რომ დამოუკიდებელი გამოცემების ხელმძღვანელი პოლიტიკური მოტივით ჰყავთ გამოკეტილი ციხეში.
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წარუდგინეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.