ვინ არის პასუხისმგებელი შენობის ჩამონგრევაზე და რა ბედი ელის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის კომპანიას - რას ამბობენ მერიაში

თბილისის მერია ადასტურებს, რომ ტერიტორია, სადაც დღეს მშენებარე შენობა ჩამოინგრა, შპს "კორტებს" ეკუთვნის.
თბილისის მერია "პირველებისთვის" გამოგზავნილ წერილობით განმარტებაში აღნიშნავს, რომ შპს "კორტები" თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით, 30 000 ლარით დააჯარიმა.
ამასთან, უწყების ცნობით, მშენებლობა შეჩერებულია იქამდე, ვიდრე კომპანია არ წარმოადგენს დამატებით ექსპერტიზის დასკვნას შენობის კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ.
როგორც იცით, ეს არის ძველი ჩოგბურთის კორტების ტერიტორია, სადაც შენდება სპორტული ცენტრი და იგი ეკუთვნის შპს „კორტებს“.
რაც შეეხება დღეს მომხდარ შემთხვევას, სამშენებლო ობიექტზე ე.წ. ხიმინჯების ჩამოშლას, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა კომპანია უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით, რაც 30 000 ლარიან ჯარიმას გულისხმობს. მშენებლობა შეჩერებულია, ვიდრე კომპანია არ წარმოადგენს დამატებით ექსპერტიზის დასკვნას შენობის კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ." - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, თამარაშვილის ქუჩაზე, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე შენობა დღეს, ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა.
- შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"პირველებმა" გაარკვია, რომ თამარაშვილის 13 ნომერში არსებული ფართობი, სადაც სპორტული-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს, შპს "კორტების" განკარგულებაშია.
"პირველების" ინფრომაციით, შპს "კორტების" მფლობელი რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, მამუკა მერკვილაძეა. მამუკა მერკვილაძე მოცემულ პოსტზე მას შემდეგ დანიშნეს, რაც ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი გახდა.