მარიამ მაკასარაშვილი, ვისაც გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა, კლინიკაში გადაჰყავთ

"პირველების" კორესპონდენტი, რომელსაც გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა და სახეში მუშტი ჩაარტყა, კლინიკაში გადაჰყავთ.
მარიამ მაკასარაშვილს პირველადი სამედიცინო შემოწმება ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა აღმოუჩინეს.
არსებობს ვარაუდი, რომ დაშავებულს ტვინის შერყევა აქვს, რადგან მარიამ მაკასარაშვილს თავის ძლიერი ტკივილი, წვა აღენიშნება, ჟურნალისტი უჩივის თვალის არეში ძლიერ ტკივილსაც.
(გიორგი შინჯიკაშვილის მამამ) მუშტი მოიქნია და მთელი სიძლიერით მომარტყა თავისა და სახის არეში, იმწამსვე ვიგრძენი რომ თავბრუ მეხვეოდა, თავბრუსხვევაც მაქვს, თავის და თვალის ძლიერი ტკივილი მაქვს", - ამბობს მარიამ მაკასარაშვილი.
არაერთი ზარის მიუხედავად, ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა საპატრულო პოლიციის არცერთი თანამშრომელი.
მას შემდეგ, რაც ინფორმაცია "პირველების" 15:00 საათიან გამოშვებაში გავიდა, მარიამ მაკასარაშვილს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ გამოკითზხვაზე უწყებაში უნდა გამოცხადდეს.
გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და არხის ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდა.
კაცმა გაიტაცა "ტვ პირველის" კამერა და ჟურნალისტის მობილური ტელეფონი. "ტვ პირველის" კუთვნილი აპარატურა და ჟურნალისტის კუთვნილი 40 წუთის შემდეგ დააბრუნეს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის მამასთან ინტერვიუ მისივე ნებართვით შედგა.