თავდასხმა "ტვ პირველის" ჟურნალისტზე - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

12.05.25 18:50
თავდასხმა "ტვ პირველის" ჟურნალისტზე - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

"ტვ პირველის" ჟურნალისტზე, მარიამ მაკასარაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

როგორც კარლო კაციტაძის უწყებამ "ტვ პირველს" განუცხადა, გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით არის დაწყებული. 

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს ყოფილი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა. მან ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სახეში მუშტი ჩაარტყა. მარიამ მაკასარაშვილს თავისა და თვალის არეში ძლიერი ტკივილი აღენიშნება, საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

ამასთან, გიორგი შინჯიკაშვილის მამამ "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურა - კამერა და ასევე მარიამ მაკასარაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი გაიტაცა. "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს აპარატურა მოგვიანებით, ადგილზე დაბურულმინებიანი ავტომობილების გამოჩენის შემდეგ დაუბრუნეს. აღსანიშნავია, რომ კამერაში არსებული ჩიპი, სადაც თავდასხმის ფაქტი იყო ასახული, დაზიანებულია. 

შეგახსენებთ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფთან დაპირისპირებული, არაერთ სკანდალში გახვეული ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, გიორგი შინჯიკაშვილმა დღეს  დაწერა, რომ თანამდებობიდან გადადგა. "შინჯიკა" ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება პირადად მიიღო. 

 

 

მსგავსი სიახლეები