ბექა ონიანი კლინიკაში რჩება - როგორია სასტიკად ნაცემი ბიჭის მდგომარეობა

20.05.25 13:40
ბექა ონიანი კლინიკაში რჩება - როგორია სასტიკად ნაცემი ბიჭის მდგომარეობა

მწვრთნელის მიერ სასტიკად ნაცემი 27 წლის სპორტსმენი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს - ინფორმაციას "ტვ პირველს" ბექა ონიანის ოჯახის წევრები უდასტურებენ. 

მათი თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მკურნალობას "კავკასიის მედიცინის ცენტრში", რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. 

ამასთან, "ტვ პირველის "  მიერ გასაჯაროებული კადრები, სადაც 27 წლის კაცზე თავდასხმა ჩანს,  ოჯახისთვის კიდევ  ერთი მტკიცებულებაა, რომ სპორტსმენზე  თავდასხმა წინასწარ  ორგანიზებული იყო. უმძიმესი დაზიანებები კი ბექა ონიანმა არა დაცემის არამედ, ცემის შედეგად მიიღო.

ბექას მდგომარეობა სტაბილურად რჩება მძიმე. ერთადერთი კარგი ამბავი ის არის, რომ უარესობისკენ არ არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც ექმის ვესაუბრე ნელ-ნელა დაიწყება გამოღვიძების პროცესი. როგორც ვიცი, კიდურებში აქვს ოდნავ მგრძნობელობის შეგრძნება, დანარჩენი ამ ეტაპზე ისევ სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში რჩება.

დღეს მოხდება უკვე გასაუბრება, სავარაუდოდ ბექას საქმესთან  დაკავშირებით უკვე გამომძიებელთან და ამის მერე გვეცოდინება, რა მოხდა და რატომ მოხდა. პრინციპში ამას, ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ მარტო ერთი მხარის პოზიცია არის ცნობილი დამნაშავის და არა დაზარალებულის და ეტაპობრივად შევეცდებით გავარკვიოთ. ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი მოსახლეობას, ვინც დაინტერესებულია ბექას მდგომარეობით. ჩვენ ოჯახს ეს მორალური მხარდაჭერა ძალიან გვაძლიერებს, მათ შორის ბექასაც ", - ამბობს ბექა ონიანის ოჯახის წევრი.  

"პირველებმა" ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა და დღეს გაავრცელა. 

ბექა ონიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს, ივანე ტყეშელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

  • ცნობისთვის, 27 წლის სპორტსმენი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი ახალი სპორტის სასახლის ეზოში 16 მაისს გახდა. დინამო თბილისის ნაკრების წევრს ბექა ონიანს, თავს თსუ-ს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი დაესხა.

ივანე ტყეშელაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მტკიცებით, 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.

მსგავსი სიახლეები