ონიანის სიკვდილამდე მიმყვანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ზუსტად იმდენი, რამდენიც ამაღლობელს - იურისტი

20.05.25 14:06
ონიანის სიკვდილამდე მიმყვანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ზუსტად იმდენი, რამდენიც ამაღლობელს - იურისტი

"ბექა ონიანი ახლა კომაშია და სიკვდილს ებრძვის - მის ამ მდგომარეობაში მიმყვანს 4- 7 წლამდე პატიმრობა  ემუქრება, ზუსტად იმდენი, რამდენიც მზია ამაღლობელს,“- ამის შესახებ  სოციალურ ქსელში სამართლის დოქტორი, პროფესორი კახა ურიადმყოფელი წერს.

 ურიადმყოფელის ინფორმაციით, თავდამსხმელის სახელი თავიდანვე იცოდა გამოძიებამ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის პოლიციელის შვილია და მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც ოჯახმა მედიას სთხოვა დახმარება.

არ ვიცი რა შეიძლება იყოს ადამიანობის იმაზე დიდი საზომი, ვიდრე ემპათიისა და სამართლიანობის განცდა

დღეს ვიგებთ, რომ ბექა ონიანის სიკვდილამდე მიმყვანს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზუსტად იმდენი, რამდენიც მზია ამაღლობელს.

ივა ტყეშელაშვილი ჩუმად ჩაუსაფრდა ბექას, თავში გამეტებით ურტყა, წაქცეულზე, სავარაუდოდ, ზემოდანაც იხტუნავა და გათიშული პარკინგზე მიატოვა. მიზეზი - ფეხბურთის თამაშის დროს რაღაც არ მოეწონა...

თავდამსხმელის სახელი თავიდანვე იცოდა გამოძიებამ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის პოლიციელის შვილია და მსგავსი ინციდენტებიც მისთვის უცხო არ ყოფილა. მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს ტყეშელაშვილი, რაც ოჯახმა მედიას სთხოვა დახმარება და ბექას ამბავზე ყველამ დაიწყო საუბარი.

ძალიან მეფიქრება და მაშინებს - როგორ შეგიძლია შენ, ამ ქვეყნის შვილს - უკანასკნელი სიტყვებით ლანძღო მზია ამაღლობელი, უწოდო მას ქვეყნის მტერი და უსურვო ციხეში ამოლპობა... ხოლო ბექას მსგავს ტრაგედიებზე ოდნავაც არ გქონდეს რეაქცია. და საერთოდაც, როგორ შეგიძლია ასეთ ყოველდღიურობას ეძახდე მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას...

ბექა ახლა კომაშია და სიკვდილს ებრძვის. შენ კი შეგიძლია საკუთარ სინდისს შეებრძოლო და ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტო - გაქვს თუ არა შერჩენილი სულ მცირედი ემპათიისა და სამართლიანობის განცდა მაინც და საერთოდ - ხარ თუ არა ადამიანი...

პ.ს. უნიჭიერესო, ულაღესო და უკარგესო ბექა, უნდა გაუძლო. უამრავი სასარგებლო საქმე გაქვს წინ კიდევ გასაკეთებელი. ყველაფერი კარგად იქნება“ - წერს  კახა ურიადმყოფელი.

"პირველებმა" ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა და დღეს გაავრცელა. 

ბექა ონიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს, ივანე ტყეშელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

  • ცნობისთვის, 27 წლის სპორტსმენი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი ახალი სპორტის სასახლის ეზოში 16 მაისს გახდა. დინამო თბილისის ნაკრების წევრს ბექა ონიანს, თავს თსუ-ს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი დაესხა.

ივანე ტყეშელაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მტკიცებით, 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.

რაც შეეხება მზია ამაღლობელს, დამოუკიდებელი გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში რჩება.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსი, ირაკლი დგებუაძე ჩვენებაში აღწერს, როგორ გააწნა სილა მზია ამაღლობელმა, როგორ გაუწითლდა ლოყა და ყური და როგორ განიცადა ტკივილი.

მსგავსი სიახლეები