თავდასხმა ფეხბურთელ ბექა ონიანზე - “დინამო თბილისი” განცხადებას აქვეყნებს
თავდასხმა ფეხბურთელ ბექა ონიანზე - “დინამო თბილისი” განცხადებას აქვეყნებს. საფეხბურთო კლუბი მოითხოვს, დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.
“ჩვენი ფუტსალის გუნდის წევრი, ბექა ონიანი, სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. მასზე ფიზიკურად იძალადეს და სასტიკად გაუსწორდნენ, რის გამოც ფეხბურთელი დღეისათვის კლინიკაში, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ჩვენი გუნდი ბექა ონიანს დროულ გამოჯანმრთელებას, ოჯახთან და საყვარელ საქმიანობასთან მალე დაბრუნებას უსურვებს. ვგმობთ ყველანაირ ფიზიკურ ანგარიშსწორებას. დამნაშავე აუცილებლად კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს”, – წერია კლუბის განცხადებაში.
"პირველებმა" ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა და დღეს გაავრცელა.
ბექა ონიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს, ივანე ტყეშელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
- ცნობისთვის, 27 წლის სპორტსმენი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი ახალი სპორტის სასახლის ეზოში 16 მაისს გახდა. დინამო თბილისის ნაკრების წევრს ბექა ონიანს, თავს თსუ-ს ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი დაესხა.
ივანე ტყეშელაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების მტკიცებით, 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.