პროკურატურასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ - პირველი ინტერვიუ ეპისკოპოსთან, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი ლიკვიდაცია მზადდებოდა

09.06.25 11:28
პროკურატურასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ - პირველი ინტერვიუ ეპისკოპოსთან, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი ლიკვიდაცია მზადდებოდა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, რომელმაც გუშინ ამბიონიდან მისი მკვლელობის მომზადების შესახებ ისაუბრა, "პირველებსთან" პირველ კომენტარს აკეთებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბობს, რომ პროკურატურასთან თანამშრომლობას და ჩვენების მისცემას არ გეგმავს.

ამასთან, მეუფე გიორგი ჯამდელიანი ამბობს, რომ მონაზონი, რომელიც, მისი თქმით, ლიკვიდაციის შემკვეთებს ჰყავდათ გადაბირებული, ახლა ეპარქიაში აღარ იმყოფება. 

მე დამიკავშირდა პროკურატურა, მაგრამ მე პირადად ჩემს კონსტიტუციურ უფლებას ვიყენებ, როგორც სასულიერო პირი. მე ამ ეტაპზე ასე ვთვლი, არ ვიძლევი ჩვენებას და არ ვაპირებ თანამშრომლობას არც პროკურატურასთან და არც პოლიციასთან მე ვამბობ უარს და ვმოქმედებ საეკლესიო კანონიკის ნორმების ფარგლებში. ჩემტან არ იმყოფება ის მონაზონი, - ამბობს ეპისკოპოსი. 

მეუფე გიორგი ჯამდელიანი არ პასუხობს "პირველების" შეკითხვას, უკავშირდება თუ არა მის მიერ გაკეთებული განცხადება ქვემო ქართლის რწმუნებულის ყოფილ მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მის მკვლელობას ამზადებდნენ და ამისთვის გადაბირებული ჰყავდათ ერთ-ერთი მონაზონი. ამის შესახებ მეუფე გიორგი ჯამდელიანმა ამბიონიდან ისაუბრა.

სასულიერო პირმა თქვა ისიც, რა გზით გეგმავდნენ მის ლიკვიდაციას  - ეკლესიის მონაზონს მაღალი იერარქისთვის საწამლავი საკვებში უნდა ჩაეყარა.

სასულიერო პირი ხელს მთავრობის მოქმედ წევრს ადებს და ამბობს, რომ ის უშიშროების უწყების წარმომადგენელია. 

"პირველების" ინფორმაციით, ორი დღის წინ მარნეულში დაპირისპირება გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებასა და ეპარქიის წარმომადგენლებს შორის მოხდა. ადგილზე იყო სროლაც. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად შინჯიკაშვილის და მისი თანმხლები პირები იძულებულები გახდნენ, ეპარქია დაეტოვებინათ.

სასულიერო პირის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.