ბაჩიაშვილი მისი გატაცების საქმეზე მზადაა საგამოძიებო უწყებასთან ითანამშრომლოს - ადვოკატი
ბაჩიაშვილი მისი გატაცების საქმეზე მზადაა საგამოძიებო უწყებასთან ითანამშრომლოს - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა განაცხადა.
ადვოკატი ამბობს, რომ აუცილებელია ბაჩიაშვილის საქართველოში მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოყვანასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.
„თუკი ვთანხმდებით, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, საქმის გამოძიება სავალდებულოა, თუკი არსებობს გარკვეული სტანდარტი, შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალური ინფორმაციაა მიწოდებული საგამოძიებო უწყებებისთვის. თავად გიორგი გამოთქვამს სურვილს, რომ ითანამშრომლოს და ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას. გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია დღემდე არ მიგვიღია. ჩვენ ჩვენი ძალებით, დამოუკიდებლად, კანონმდებლობის ფარგლებში ვცდილობთ არ განადგურდეს მტკიცებულებები. მნიშვნელოვანია გამოძიების დაწყება და ფაქტების გადამოწმების აუცილებლობა, რაზეც ბაჩიაშვილმა ისაუბრა“, - განაცხადა ადვოკატმა.
მისი გატაცების საქმეზე გამოძებისდ აწყების აუცილებლობაზე დღეს პროცესზე გიორგი ბაჩიაშვილმაც ისაუბრა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის 27 მაისს დააკავეს - ინფორმაცია ამის შესახებ სუს-მა გაავრცელა. ანრი ოხანაშვილის უწყება ამტკიცებს, რომ ოლიგარქის მილიონების ყოფილი მმართველი, რომელსაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მთელს მსოფლიოში ეძებდა, საქართველოდან რამდენიმე კილომეტრში, წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ. მწვანე ზონაში სეირნობდა.
გიორგი ბაჩიაშვილმა დუმილი სასამართლო პროცესზე დაარღვია. მან სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს.
გიორგი ბაჩიაშვილი აბუდაბიდან მისი საქართველოში იძულებით დაბრუნების საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს , თუმცა უშედეგოდ.