„აუცილებლად უნდა ვიყოთ ბევრნი“ – თორნიკე გოშაძის დედა მოქალაქეებს დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

29.06.25 13:14
„აუცილებლად უნდა ვიყოთ ბევრნი“ – თორნიკე გოშაძის დედა მოქალაქეებს დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა, რომელიც აქტიურად არის ჩართული პოლიტპატიმრების მხარდამჭერ კამპანიაში, მოქალაქეებს ქუჩაში შეხვედრისას გამოხატული თანაგრძნობის მიღმა ქმედითი სოლიდარობისკენ  და 29 ივნისის რუსთაველის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. 

„ძალიან გთხოვთ, ვინც ქუჩაში მეხუტებით და გულთან მიგაქვთ ჩემი შვილის მდგომარეობა და ყველა პატიმრისა – შემოგვიერთდით დღეს აუცილებლად რუსთაველზე. თუ გეშინიათ ჯარიმების, გვერდზე დადექით, ტროტუარებზე დადექით, ნიღბები გაიკეთეთ – ოღონდ აუცილებლად უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი“, – ამბობს ის.

გოშაძის დედის თქმით, სინდისის პატიმრების მშობლების მხრიდან პროტესტი არ წყდება და ისინი კვირაში თითქმის სამჯერ აქციებზე დადიან, სადაც პოლიტპატიმრებისგან გამოგზავნილ წერილებსა და სპეციალურად მათთვის შექმნილ გაზეთებს არიგებენ: „ეს წერილები ციხიდან თქვენთვის არის“, – აღნიშნავს იგი.

თორიკე გოშაძე ერთი-ერთია იმ ახალგაზრდებიდან, ვინც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მისი ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული აქტივისტების გასათავისუფლებლად ბრძოლას ქუჩიდან აგრძელებენ.

 

ძალიან გთხოვთ, ვინც ქუჩაში მეხუტებით და გულთან მიგაქვთ ჩემი შვილის მდგომარეობა და ყველა პატიმრისა, შემოგვიერთდით დღეს აუცილებლად რუსთაველზე. თუ გეშინიათ ჯარიმების, გვერდზე დადექით, ტროტუარებზე დადექით, ნიღბები გაიკეთეთ, ოღონდ აუციებლად უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი. ჩვენ დავდივართ თითქის კვირაში სამი დღე და ვარიგებთ პოლიტპატიმრების გაზეთებს, რომლებმაც გამოგზავნეს წერილები ციხიდან თქვენთვის, - ამბობს თორიკე გოშაძის დედა. 

დედაქალაქში დღეს მასშტაბური აქციაა დანონსებული. რამდენიმე საათში მოვლენების ეპიცენტრი ისევ რუსთაველის გამზირი იქნება, რომელიც 200 დღეზე მეტია, გადაკეტილია.

საღამოს 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან ხალხი სინდისის პატიმრების გათავისუფლების და ივანიშვილის გუნდის გადადგომის მოთხოვნით გამოდის.

რუსთაველის გამზირამდე აქციის მონაწილეების ნაწილი მარშით მივა. შეკრებილებს სიტყვით მიმართავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.