სინდისის პატიმრების პროცესი- სასამართლოში პროკურატურის ის მოწმეები იკითხებიან, რომლებმაც ჭიჭინაძე და კიკნაძე დააკავეს

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის - სინდისის პატიმრების პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე პროკურატურის ის მოწმეები იკითხებიან, რომლებმაც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და აქტივისტი რეზო კიკნაძე დააკავეს.
რეზო კიკნაძის ადვოკატი ამბობს, რომ მოწმის ჩვენებები თანხვედრაში იყო კიკნაძის ჩვენებებთან და ეს ყველაფერი, მეტროს თანამშრომელსაც აქვს დაადასტურებული.
დღევანდელმა მოწმემ დაადასტურა ის, რომ მას არ შეუძლია მიუთითოს რევაზ კიკნაძე ყოვლად მიტოვებულ ადგილას როგორ იპოვა და როგორ აღმოჩნდა იქ. ასევე, უთითებს მნიშვნელოვან გარემოებას, რომ როდესაც ის მივიდა, ოპერატიული თანამშრომლები უკვე იქ იმყოფებოდნენ, რაც კიკნაძის ჩვენებასთან თანხვედრაშია, რადგან ის ოპერატიულმა ჯგუფმა მეტორში დააკავა და შემდეგ აიყვანეს ლისზე. მეტროს თანამშრომელმა დაადასტურა ის ვიდეომასალა რაც საქმეში არსებობს, რომ კიკნაძის დაკავება განხორციელდა მეტროში. როგორ კიკნაძის გან ვიცი, გადაყვანის დროს, ყველა მათგანი, როგორც ფიზიკურად, ისე სიტყვიერად ძალადობდნენ,- ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი.
დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხა ანდრო ჭიჭინაძის საქმის ერთ-ერთი მთავარი გამომძიებელი. ადვოკატის თქმით, მან აღნიშნა, რომ როცა ანდრო ჭიჭინაძის დასაკავებლად წავიდა, საერთოდ არ იცნობდა საქმის მასალებს და მხოლოდ სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვა ჰქონდა.
როგორც თორნიკე მიგინეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძემ განმარტა, თუ რატომ არ მოუწერა გამომძიებელს ჩხრეკისა და დაკავების ოქმზე ხელი.
ის, რომ „სარაჯიშვილის“ შუშის ბოთლი პოლიციელმა ანდროს ესროლა და მარცხენა ფეხზე მიიღო დაზიანება - ეს აღუწერა ანდრომ, მაგრამ მხოლოდ ის ჩაწერა, რომ ანდრო ჭიჭინაძეს აქციების დროს მარცხენა ფეხზე დაზიანება ჰქონდა მიღებული. კონკრეტულად არ აღწერა, რომ ის პოლიციელმა დააზიანა. აქედან გამომდინარე, ანდრომ ხელი არ მოაწერა არც გამოკითხვის, არც ჩხრეკის და არც დაკავების ოქმს.
[სასამართლოს სხდომაზე] ანდრო ჭიჭინაძის საქმის ერთ-ერთი მთავარი გამომძიებელი იყო მოსული, მან აღნიშნა, რომ ანდროს დასაკავებლად მივიდა. ასევე აღნიშნა, რომ როცა წავიდა, საერთოდ არ იცნობდა საქმის მასალებს - არც ვიდეოები და არც წერილობითი მტკიცებულებები ნანახი არ ჰქონდა. მას მხოლოდ სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვა ჰქონდა. ასევე აღნიშნა, რომ ანდროსთან მისვლის შემდეგ, როცა უთხრა, რომ ნივთები უნდა წარმოედგინა, არ დაუკონკრეტებია არცერთი ნივთი, რომელსაც გამოძიება ეძებდა. ასევე ისიც თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანდრომ უარი განმიცხადა ნივთის წარმოდგენაზე, მე სურვილი არ მქონია, რომ ჩხრეკა სახლში ჩამეტარებინა და არც ჩამიტარებიაო,- განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.
ფოტო არქივი