სკანდალი: ირაკლი დგებუაძის საცოლე მოქალაქის წინააღმდეგ გინებასა და მუქარაშია მხილებული

30.06.25 17:32
სკანდალი: ირაკლი დგებუაძის საცოლე მოქალაქის წინააღმდეგ გინებასა და მუქარაშია მხილებული

დაემუქრა თუ არა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის საცოლე, მოქალაქე ნინო კაჭკაჭიშვილს?

ქალმა “პირველებთან“ ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა, თქვა, რომ მას შემდეგ, რაც “ბათუმელებს“ ინტერვიუ მისცა, მის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მარიამ გერლიანის მხრიდან.

ინტერვიუში კაჭკაჭიშვილი ამბობდა, რომ კლუბი „ბოჰემა“, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსნის საცოლეს ეკუთვნის, ხელშეუხებლობით სარგებლობს და რეგულაციების გარეშე ფუნქციონირებს.

ნინო კაჭკაჭიშვილი ერთადერთი არ იყო, ვინც გაუსაძლის ხმაურსა და პრობლემებზე ისაუბრა. ადგილობრივები “პირველებს“ უყვებიან, რომ კლუბიდან გამომავალი ხმაური თვეებია, აწუხებთ, თუმცა არაერთი თხოვნის მიუხედავად, კვლავ იგივე პრობლემის წინაშე დგანან.

ისინი ვერც შესაბამის უწყებაში მისვლასა და განცხადების დაწერაში ხედავენ გამოსავალს, რადგან მიიჩნევენ, რომ “აზრი არ აქვს“.

რეგულარულად ასეა, 12 საათის შემდეგ, ყოველდღე, პოლიციაში რისთვის მივიდე, როცა ვიცი, რომ აზრი არ აქვს, ახლა რომ დაგინახეთ, გამიკვირდა, ვინ გამოგიძახათ, როგორ გაბედა. აქ იმისთანა რაღასც ხდება, რომ კაცი ხარ და გამოდი გარეთ. მე კედელი მყოფს და არ მძინავს მთელი ღამე, 7 ბიჭი მყავს, შვილიშვილები, ყველა წავიდა, რადგან ამ ეზოში არ იცხოვრება, -ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ჩავედი, მაგრამ რეაგირება არანაირი. როცა რეაგირება არაა, რა უნდა ქნა, -ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.

“პირველებმა“ მარიამ გერლიანის ჩაწერა მოახერხა. ეს ის ქალია, რომელიც ძველ ბათუმში ღამის კლუბ "ბოჰემას" ფლობს. ბარის მფლობელი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ საკუთარ ობიექტს კანონის სრული დაცვით ამუშვებს. 

როგორც გერლიანი „პირველებს“ ეუბნება, ქალი, რომელიც მასზე ამბობს, რომ დაემუქრა, იქეთ ემუქრება და საშინელ სმს-ებს წერს.

მე კანონის სრული დაცვით ვამუშავებ ჩემს ობიექტს, მესმის, რომ წუხდებიან მეზობლები, მაგრამ ეს არის, ტურისტული ადგილი, როგორც იცით და ამ ხმაურს მარტო ჩემი ობიექტი არ იწვევს, მანდ სულ ხალხმრავლობაა. არანაირი პრივილეგიუით არ ვსარგებლობ, როგორც სხვა ობიექტებთან მიდიან, ისე მოდიან ჩემტანაც, დაჯარიმებულიც ვყავარ. რაც შეეხება ვინმეზე მუქარას-კატეგორიულად გამოვრიცხავ, ეგ ქალბატონი აქეთ გვემუქრება, დაუფარავი ნომრით გვწერს საშინელ სმსებს, -ამბობს მარიკა გერლიანი.

“პირველები“ მუნიციპალურ ინსპექციასაც დაუკავშირდა, საიდანაც წერილობით უპასუხეს რომ: კლუბი “ბოჰემა“ ხმაურის ნორმის გადაჭარბების ხარჯზე გასულ თვეშიც დაჯარიმდა. განმეორებით ფაქტზე კი სამართლებრივი რეაგირება ამ მომენტშიც მიმდინარეობს. საუბარია, შაბათს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც მოქალაქე კაჭკაჭიშვილმა გამოიძახა ინსპექცია. სამართლადარღვევის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში, გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

ცნობისთვის, 29 ივნისს, „ბათუმელებმა“ ვიდეოკადრები გავრცელა, სადაც ჩანს, რომ გამოძახებული პოლიციელები „ბოჰემასთან“ მიდიან, აშკარად ესმით ხმაური, თუმცა ისე იქცევიან, თითქოს არაფერი ხდება.

ძველ ბათუმში, კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების გამოცემას ეუბნებიან,რომ კვირაში 3 ღამე ბარიდან გამომავალი ხმაურის გამო, ფაქტობრივად, ძილს ვერ ახერხებენ. ისინი ყოველ ჯერზე იძახებენ მუნიციპალურ ინსპექციას, პოლიციას, თუმცა ვითარება არ იცვლება.

მსგავსი სიახლეები