მედიის წარმომადგენლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ უშვებენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც ამ წუთებში საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, ონლაინმედიისა და ტელევიზიის ჟურნალისტები არიან შეკრებილნი.
მედიის წარმომადგენლები ახსნა-განმარტებას ითხოვენ, თუ ვინ არის უფლებამოსილი პირი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, რომელი მედიასაშუალება გადაიღებს ან არ გადაიღებს სასამართლო პროცესს.
არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტებს არ უშვებენ.
დიდი ალბათობით, სწორედ ამ სხდომაზე განიხილავენ საბჭოს წევრები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება იზღუდება.
მოსულები ვართ იმისთვის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს ვკითხოთ - როგორ დაადგენენ? როდის დაადგენენ ამ წესს? რამდენად სწრაფად იქნება ეს? - იმიტომ, რომ დრო არ ითმენს, ყოველდღე, დღეგამოშვებით მიდის პროცესები, მაღალი საჯარო ინტერესია და გვაინტერესებდა ამ საკითხზე კითხვები, რომ დაგვესვა საბჭოს შენობისთვის...
გვინდა მკაფიო პასუხების მიღება, როგორ იმუშავებს ეს ახალი წესი, რა ვადებში უნდა მივმართოთ, რა ვადებში განიხილავენ, რამდენად დროული იქნება ეს გადაწყვეტილებები, რომ საჯაროობა იყოს დაცული სასამართლო პროცესების. დღეს უკვე გაიმართა პირველი პროცესი, როცა მედიას არ ჰქონდა საშუალება ფოტო-ვიდეო გადაღების. თქვენ ნახეთ, რომ სრული ვაკუუმია ვერ გამოდის ის ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხალხმა იცოდეს," - ამბობს ჟურნალისტი ლიკა ზაკაშვილი.
ცნობისთვის, 27 ივნისს ძალაში შევიდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სასამართლოში მედიის მუშაობა მნიშვნელოვნად იზღუდება. სასამართლო სხდომების გადაღების უფლება აქვს სასამართლოს ან უფლებამოსილ პირს.
ცვლილების მიხედვით, ყოველი კონკრეტული პროცესის წინ მედიის სხდომაზე დაშვების ნებართვას იუსტიციის საბჭო გასცემს.
დღეს შეზღუდვა ამოქმედდა და მედიის წარმომადგენლებს კამერებით სასამართლოში შესვა აეკრძალათ, თუმცა ამ დრომდე ბუნდოვანია, ვინ, როდის ან რა ფორმით გასცემს ნებართვებს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლო პროცესების გადაღების შესახებ.