სინდისის პატიმარ, არჩილ მუსელიანცს 534 ლარის გამო, ციხეში 3-დან 6 წლამდე მუხლით უშვებენ

01.07.25 13:25
სინდისის პატიმარ, არჩილ მუსელიანცს 534 ლარის გამო, ციხეში 3-დან 6 წლამდე მუხლით უშვებენ

 

 

28 წლის არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა 534 ლარიანი ზიანისთვის ემუქრება - ფაქტი დღეს სინდისის პატიმარს საქმის პროკურორმა აღიარა. 

ანი ხუბეჯაშვილი აზუსტებს, რომ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით მუსელიანცის მიერ მიყენებული ზარალმა სწორედ აღნიშნული თანხა შეადგინა.

მუსელიანცის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა. სხდომაზე გამოიკვლიეს ნივთიერი მტკიცებულებები, დამწვარი კაბელები და ის ტანსაცმელი, როემლიც გამოძიების მტკიცებით, 28 წლის აქტივისტის სახლიდან ამოიღეს. 

მომდევნო სხდომაზე, რომელიც 22 აგვისტოს ჩაინიშნა, დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე იტყვის. განაჩენი შესაძლოა, ამავე სხდომაზე გამოცხადდეს.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადასინჯა და ძალაში დატოვა. 

1997 წელს დაბადებულ არჩილ მუსელიანცს პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას, კერძოდ კი ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. 

მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით და მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ მან ცეცხლის წაკიდებით დააზიანა სატელეკომუნიკაციო კარადა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. 

534 ლარის ზიანია, როგორც ეს ექსპერტმა განსაზღვრა. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით..." - განაცხადა პროკურორმა,  ანი ხუბეჯაშვილმა.

ადვოკატის თქმით, არჩილ მუსელიანცი დასკვნით სიტყვისთვის ემზადება. მისი ვარაუდით, სინდისის პატიმრის საქმეზე განაჩენი 22 ივლისს გამოცხადდება. 

ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.

მსგავსი სიახლეები