ჯარიმების ნაცვლად ციხე - "ოცნება" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ამკაცრებს
"ქართულ ოცნებას" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი ცვლილებები შეაქვს -კანონპროექტის მიხედვით, ყველას, ვინც უკანონოდ ჩათვლის და არ გადაიხდის პოლიციელის დაუმორჩილებლობის ან თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გამოწერილ ჯარიმას, ციხეში, მინიმუმ, 30 დღით გაუშვებენ.
"ოცნების" მიერ შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, გზის გადაკეტვის გამო შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განმეორებით გამოწერის შემთხვევაშიც, ყველაზე მკაცრი სანქცია - ციხე იქნება.
"ოცნების" ახალი კანონი ძალაში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შევა
თუკი ჯარიმა არ არის გადახდილი და ამავდროულად, შესაბამისი სამართალდარღვევისთვის არის გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობაც, მაშინ, ამის განმეორების შემთხვევაში და ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში უკვე მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა და აქ არის შემოთავაზებული პრინციპი, რომ რაც არის შესაბამისი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის ყველაზე მაღალი ვადა, მისი გაყოფა მოხდება ორზე და ასე მოხდება შესაბამისი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გამოთვლა, - თქვეს დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.
"ოცნებაში" პირდაპირ ამბობენ, რომ ჯარიმებმა არ იმუშავა და ახალი კანონიც ამისთვის მოიფიქრეს.
თუ ადამიანი არ იხდის ჯარიმას მიზანმიმართულად, ესე იგი, მიღებულ გადაწყვეტილებას დაჯარიმების თაობაზე და არც კანონმდებლობას არ აქვს მასზე პრევენციული ეფექტი და პრევენციული ეფექტის გასაზრდელად, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა იყოს გამოყენებული და მოსამართლეს ჰქონდეს დისკრეცია, რომ არანაკლებ ნახევარი ვადა გამოიყენოს და რა თქმა უნდა, არაუმეტეს, რაც კანონშია განსაზღვრული, - თქვა დღეს არჩილ გორდულაძემ.
აქტვისტები, რომლებიც არაერთხელ დააჯარიმეს, ამბობენ, რომ ივანიშვილმა, ყველას ციხეში გამოკეტვა გადაწყვიტა. მათი თქმით, ჯარიმების ამ ოდენობის გადახდა, წარმოუდგენელია. აქტივისტები ამბობენ, რომ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რა ბრძოლაში არიან და ის, რომ ადრე თუ გვიან ციხეში წასვლა მათაც მოუწევთ.
ამ გამკაცრებაზე არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. 150 ათასი ლარი რომც მქონდეს, მაინც არ გადავიხდი, მაგრამ ფიზიკურად სად უნდა იშოვოს ნებისმიერმა ქართველმა მოქალაქემ. მე, მაგალითად, მაქვს 30 ჯარიმა, ზოგს 5 აქვს, 6 აქვს ანუ მთელი ქვეყანა, ყველა, ვინც დადის რუსთაველზე, ის უნდა გამოკეტოს ბიძინა ივანიშვილმა ციხეში. რაც უფრო მეტ ჩასვამენ, მით უფრო მალე დასრულდებიან. მე ეს მექნება სათქმელი, რომ ფიზიკურად და მორალურად ყველას გაცნობიერებული აქვს, ვინც წინააღმდეგობას სწევს დღეს რუსთაველზე და ხმამაღლა ლაპარაკობს ივანიშვილის წინააღმდეგ, ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ ელოდებათ ციხე და ალბათ, ერთი თვე იქნება თუ ორი თვე, გამოვალთ და ისევ შეგვაბრუნებენ. უბრალოდ, ბავშვი მომენატრება და ოჯახი, თორემ ყველას მოუწევს ალბათ ციხეში ჩასმა, - ამბობს ნიკა ნარსია.
აქციის მონაწილეები "ოცნების" ამ გადაწყვეტილებას ავტორიტარიზმისკენ კიდევ ერთ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.
ყველა საკანონმდებლო ცვლილება ეხება იმას, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, შეამცირონ იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც შეძლებს ამ ყველაფერზე საუბარს. მათ ნახეს, რომ ჯარიმები არაფერს შვრება და მიუხედავად ათი და ასი ათასობით ლარის ჯარიმებისა, ხალხი მაინც ამბობს თავის სათქმელს. ეს არის, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" მორიგი ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ, თუმცაღა, საბოლოო ჯამში, ჩვენი ნებისმიერი ქმედება და ნებისმიერი ნაბიჯი მიემართება იმას, რომ "ქართული ოცნება" რაც შეიძლება მალე წავიდეს, - ამბობს აქტივისტი.
საკანონმდებლო ცვლილებებს "ოცნებამ" იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მხარი პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა. სავარაუდოდ, ეს ცვლილება ხვალინდელ სესიაზე სამივე მოსმენით დამტკიცდება.