პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მივიდა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძეა გადაყვანილი, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მივიდა. მას სამედიცინო დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
კლინიკაში მივიდა ასევე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ექსპრემიერის კადრები "ტვ პირველმა" გადაიღო.
ღარიბაშვილს კლინიკაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. ყოფილმა მაღალჩინოსანმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის კუთვნილი იარაღიდან ორჯერ გაისროლა. ამჟამად ის კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსშია“ მოთავსებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ყოფილი მაღალჩინოსნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".
ამის პარალელურად, „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.
საგარეჯოს კლინიკას განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ.