ირაკლი ღარიბაშვილმა კლინიკა უკომენტაროდ დატოვა

07.07.25 14:08
ირაკლი ღარიბაშვილმა კლინიკა უკომენტაროდ დატოვა

ექსპრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "პირველი საუნივერსიტეტო" კლინიკა ისე დატოვა, რომ მედიის კითხვებისთვის არ უპასუხია. 

მან კლინიკაში, სადაც  აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა მოთავსებული დაახლოებით 10 წუთი დაჰყო. 

ღარიბაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში, ცოლთან, ნუნუ თამაზაშვილთან ერთად გამოჩნდა. 

კლინიკაში ამ დრომდე იმყოფება "ქართული ოცნების" ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე. 

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიჟვაძე ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრად ითვლება. ეს უკანასკნელი მას შემდეგ გადადგა, რაც  თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვა. 

ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

  • შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".

ამის პარალელურად,  „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.

საგარეჯოს კლინიკას განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ. 

 ასევე ნახეთ: