თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზეა- ლევან რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომრეობაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის “მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, თუმცა კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება“.
რატიანის ინფორმაციით, მაშინ, როცა რიჟვაძე კლინიკაში შეიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
პაციენტი შემოყვანილია დღეს დილით, დაახლოებით 06:30 საათზე. გადმოყვანილი იქნა სხვა კლინიკიდან, მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ - ჰემორაგიული შოკის კლინიკა. ამ წუთში, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია, ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ ნაკლებად აღდგენილია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლითაა გათვალისწინებული“,- განაცხადა რატიანმა.
ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
- შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა".
ამის პარალელურად, „ბათუმელების“ ცნობით, მათ სანდო წყაროებმა განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.
საგარეჯოს კლინიკას განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით გადმოიყვანეს, მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას კატეგორიულად უარყოფენ.