ვინ დაიკითხა ნიკა კაციას დღევანდელ პროცესზე და რა ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმემ

17.07.25 17:56
ვინ დაიკითხა ნიკა კაციას დღევანდელ პროცესზე და რა ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმემ

სინდისის პატიმრის ნიკა კაციას დღევანდელ პროცესზე მისი მეგობარი, მაგდა ვასაძე დაიკითხა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე კონკრეტული მტკიცებულებები წარადგინა.

მტკიცებულებების მიხედვით, შსს-ს ინფორმაცია, თითქოს მათ ნიკა კაცია მაშინ დააკავეს, როდესაც ქუჩაში იდგა და რაღაცას ელოდებოდა, მცდარია და რეალურად დაკავების დროს ნიკა კაცია ტაქსით გადაადგილდებოდა. 

ნიკა კაციას ადვოკატის, ნინო ლომინაძის განცხადებით, მტკიცებულებების დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ ნიკა კაციამ საცხოვრებელ სახლთან გამოიძახა ტაქსი და მისი მგზავრობა სახლიდან 200 მეტრში, 2 წუთში დასრულდა, რაც ადასტურებს ნიკა კაციას ვერსიას, რომ "პოლიციამ დააკავა მის საცხოვრებელ სახლთან და გვერდით, საჯარო სკოლასთან სხვა მანქანაში გადასვა". 

დაცვის მხარე გადავიდა თავის მტკიცებულების გამოკვლევაზე და შესაბამისად დღეს წარმოდგენილი გვყავს მოწმე, ნიკოლოზ კაციას მეგობარი მაგდა ვასაძე. რომელმაც უშუალოდ მიიღო იმ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა, როდესაც ჩვენ დავათვალიერეთ ნიკოლოზ კაციას ტაქსის გადაადგილების სქემა, შესაბამისად ის აპლიკაცია, რომლითაც გამოიძახა ტაქსი, შესაბამისად მან თავისი თვალითვე ნახა, რომ ნიკოლოზ კაციას გამოძახებული ჰყავდა ტაქსი ლესელიძის ქუჩიდან, რომელიც გლდანში მდებარეობს ათონელის მიმართულებით, სადაც ელოდებოდა მისივე მეგობარი და უნდა შეხვედროდა, თუმცა აპლიკაციის მიხედვით მგზავრობა დამთავრდა 200 მეტრში, 2 წუთი გაგრძელდა და შესაბამისად იმ ვერსიას, რომელსაც ნიკოლოზ კაცია ყვება, რომ პოლიციამ დააკავა მის საცხოვრებელ სახლთან და გვერდით, საჯარო სკოლასთან სხვა მანქანაში გადასვეს, აბსოლუტურად ეთანხმება და ამყარებს ამ პოზიციას," - ნინო ლომინაძე. 

დღევანდელ სხდომაზე სინდისის პატიმარმა, ნიკა კაციამ სასამართლო დარბაზში მყოფ მოქალაქეებს მიმართა

ცნობისთვის, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[ფოტო: არქივიდან]

მსგავსი სიახლეები